logo
ENG



რაგბის კავშირი: სახელგანთქმულ მორაგბეს, დავით კაჭარავას რუსეთისადმი კეთილგანწყობას აბრალებენ

17 მარ 202316:19
3 წუთის საკითხავი
clock 569
2023/03/17/uddhe37gw6hxq24.jpg

რაგბის კავშირი "სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას" წინააღმდეგ პეტიციას "მორიგ დემარშს" უწოდებს და ამბობს, რომ კაჭარავას "რუსეთისადმი პოლიტიკურ კეთილგანწყობებს აბრალებენ".

კავშირი აცხადებს, რომ კაჭარავა გამგეობის თავმჯდომარის პოზიციაზე  დემოკრატიული წესითაა არჩეული და ამ სისტემის ფონზე "არანაირ რაგბის გულშემატკივართა" პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია.

მათი თქმით, პეტიციის ინიციატორების მიზანი ქართული რაგბის დისკრედიტაცია და მოუწოდებენ "პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან".

საქართველოს რაგბის კავშირი "პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო წუხილს გამოთქვამს".

"ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო რაც ქართულმა რაგბიმ მსოფლიო ასპარეზზე ისტორიულ გამარჯვებებს მიაღწია: პირველად შეძლო 6 ერის წევრი ქვეყნების დამარცხება, რაგბის კავშირში განხორციელებული რეფორმებისა და მიმდინარე სწორი კურსის გამო უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტისგან, არაერთხელ მოექცა საერთაშორისო მედია საშუალებების ფოკუსში და შედეგად ქართული დროშა ახალ სიმაღლეზე ასწია, – მთელ მსოფლიოს დაანახა ქართულ რაგბიში მიმდინარე სწრაფი აღმასვლა როგორც კავშირის ადმინისტრაციის, მთავრობისა და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო მხარდაჭერის შედეგი; – სწორედ ეს გახდა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების გაღიზიანებისა და აგრესიის მიზეზი, – სწორედ ამის შედეგად იქცა ქართული რაგბი მათი შეტევების სამიზნედ. ძალიან დასანანია, რომ ქართული სპორტის, საქართველოს მსოფლიო წარმატებას ოპოზიციურად განწყობილი ცალკეული ჯგუფები პირადი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნევენ და ცდილობენ ქართული რაგბის რეპუტაციის შელახვას.

ამუშავებულია სიცრუის მანქანა, რომელიც თხზავს და ავრცელებს დისკრედიტაციულ ტყუილებს ქართული რაგბის კავშირის გაურკვეველ თანამშრომლობასა თუ სიმპათიაზე ხან რუსი ოლიგარქების, ხან – რუსეთის პოლიტიკური სისტემის მიმართ. შეტევის ფრონტი ღია პროვოკაციით ამ ცოტა ხნის წინ ტვ-პირველმა დაიწყო – გამოგონილი ამბით, თითქოს იმ სასტუმროში სადაც საქართველოს ნაკრები იტალიასთან ისტორიული მატჩის წინ ისვენებდა, კავშირის ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ჩასულ რუს ოლიგარქს მასპინძლობდა, – მართალია, პროვოკაცია ჩავარდა, რადგან ვერტმფრენის მგზავრებმა თავად უარყვეს ეს აბსურდი და გაავრცელეს დამამტკიცებელი ფოტო-მასალაც, თუმცა ამან დისკრედიტაციის მიზანმიმართული პროცესი ვერ შეაჩერა – დაიწყო შეტევები ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრთა მიმართ, – სოციალურ ქსელებში მათი სისტემური დაბულინგების მცდელობა და მოწოდება დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას, რასთან დაკავშირებითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გუშინ სპეციალური მიმართვაც გაავრცელა (იხ.) მოწოდებით – შეწყდეს თავდასხმები უფროს და უმცროს ბორჯღალოსნებზე, რომელთაც ორივეს წელს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული თამაში და საქართველოსთვის ახალი დიდი გამარჯვებების მოპოვება მოეთხოვებათ, – ეს შიდა ბრძოლები კი მათთვის დამაზიანებელია. ამ განცხადებას გუშინვე მოჰყვა კიდევ ერთი დემარში, კერძოდ პეტიცია-ჯი-ზე რაგბის კავშირის თავმჯდომარის, სახელგანთქმული ვეტერანი მორაგბის დავით კაჭარავას შეურაცხმყოფელი განცხადების გავრცელება, რუსეთისადმი პოლიტიკური კეთილგანწყობის დაბრალებით და რაგბისგან მისი ჩამოშორების მოთხოვნით. პეტიციის ინიციატორი ანონიმური “რაგბი საპორტერია”.

რაგბის კავშირი დესტრუქციულ ძალებს განუმარტავს, რომ გამგეობის თავმჯდომარის არჩევა ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, არის სრულიად გამჭვირვალე, დემოკრატიული, ხმათა უმრავლესობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება: საერთო ყრილობამ, რომელიც ძირითადად რაგბის კლუბების წარმომადგენლებისგან შედგება, აირჩია გამგეობის 13 წევრი, რომლებმაც შემდეგ ღია კენჭისყრით აირჩიეს თავმჯდომარედ დავით კაჭარავა. არანაირ "რაგბის გულშემატკივართა" პეტიციას არ აქვს რაიმე ლეგიტიმაცია დემოკრატიული არჩევნების ამ სისტემის ფონზე, რაც დარწმუნებული ვართ მისმა ინიციატორმა ანონიმუსმაც იცის, თუმცა ამ გზით ქართული რაგბის დისკრედიტაციას ემსახურება.

საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს პარტიული დღის წესრიგის მქონე ყველა დაჯგუფებას თავი შორს დაიჭირონ ქართული რაგბისგან, ნუ ცდილობენ პირადი პოლიტიკურ-მერკანტილური მიზნებისთვის ქართული რაგბის, საქართველოს ღირსების დაკნინებას“ - წერია განცხადებაში.

16 მარტს რაგბის გულშემატკივრებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ითხოვენ, პარლამენტის დეპუტატმა და ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ხალხის ძალის წევრმა, დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს.

ონლაინ პეტიციის მიხედვით, რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი "არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში". მორაგბე დავით კაჭარავა კი უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო და კანონის პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

რაგბის გულშემატკივრების თქმით, კაჭარავა არ უნდა განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს რაგბის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.


close დახურვა