logo
ENG



მაისის სტუდენტური მოძრაობა: პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა

19 მარ 202300:32
3 წუთის საკითხავი
clock 1195

მაისის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა და სტუდენტების პირად მონაცემებს აგროვებდა.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მარტის საპროტესტო აქციაში მონაწილე ახალგაზრდების გასანეიტრალებლად, ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდებს იყენებს.

მოძრაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და ასევე პროფესორებისგან მოითხოვს, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას და მომხდარზე რეაგირებას.

"საპოლიციო რეჟიმი აქტიურ მოქმედებას იწყებს. ბოლო დროს ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლებში მონაწილე სტუდენტების გასანეიტრალებლად სხვადასხვა გზებს ეძებენ. პოლიცია ბაგების სტუდენტურ საცხოვრებელში შევიდა. როგორც სტუდენტებმა გვითხრეს, მათ თავი ვაკის პოლიციის თანამშრომლებად გააცნეს და პირადი მონაცემები გამოართვეს. ამავდროულად, მათ სტუდენტებისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, თუ რას ემსახურებოდა პერსონალური ინფორმაციის შეგროვება. ამის შესახებ სტუდენტები ადმინისტრაციას არ გაუფრთხილებია. პოლიციის თანამშრომლებს არ ახლდნენ საცხოვრებლის ან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ასევე, არ იყვნენ ინფორმირებულნი მსგავსი აღრიცხვის საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ.

გასაგებია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია არ არის სტუდენტების ინტერესების დამცველი. მათ არ აინტერესებთ უნივერსიტეტის მომავალი და საკუთარი ინტერესების გადარჩენისთვის იბრძვიან, მაგრამ ეს ფაქტი არის მიზანმიმართული რეპრესიების მაჩვენებელი, რის საშუალებასაც აძლევს უნივერსიტეტი სახელმწიფოს სტუდენტების წინააღმდეგ.

დაუშვებელია, სტუდენტებს უწევდეთ საუნივერსიტეტო სივრცეში ძალოვანი უწყებების პირისპირ ყოფნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წლების განმავლობაში აკადემიურ სივრცეში სისტემის მიერ ხელდასხმული ადამიანები მუშაობდნენ. მათი ნაწილი დღესაც იკავებს მოწინავე თანამდებობეს და გამოირჩევიან სტუდენტების მიმართ აგრესიული და ძალადობრივი ქმედებებით. აღნიშნული ფაქტი არის პირდაპირი გზავნილი სტუდენტებისთვის, რომ თუ გაბედავენ, ნებისმიერი სახით, სახელმწიფოში გაბატონებული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ სახელმწიფო საპოლიციო რეჟიმი პასუხს გასცემს.

მაისის სტუდენტური მოძრაობა არ აპირებს მიიღოს ეს მუქარა სტუდენტების მიმართ და მოვითხოვთ, უნივერსიტეტმა გააკეთოს განცხადება მომხდარი ფაქტის შესახებ. გვითხრას, თუ რატომ მისცეს პოლიციას სტუდ-ქალაქში შესვლისა და პერსონალური ინფორმაციის მოპოვების უფლება. სხვა შემთხვევაში, საჯაროდ დაგმონ პოლიციის მოქმედება და მოითხოვონ საჯარო პასუხი. გვჭირდება, პროფესორების მკაფიო პოზიციაც. პოლიციას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტში, სტუდენტების საცხოვრებელში, თუმცა, ბოლო პერიოდში, ხელისუფლება ავტორიტარული გამოვლინებებით ცდილობს შეინარჩუნოს ძალაუფლება", - წერია განცხადებაში.


close დახურვა