ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის დატოვებაზე უფიქრია, თუმცა უნდა შევხედოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები. მისი თქმით, ამ საკითხზე საპარლამენტო ბოიკოტის კონტექსტში უფიქრია, რადგან მას არ ეთანხმება.
"ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტში ამ ეტაპზე სრული სამუშაო შემადგენლობით წარმოდგენილი იყოს ნაციონალური მოძრაობა. მე დარღვეული მაქვს ბოიკოტი, არ ვიზიარებ ბოიკოტის პოზიციას, მაქვს აზრთა სხვადასხვაობა კოლეგებთან და მქონდა საკმაოდ მძიმე საუბრები...
ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება ჩემ მიერ გაჟღერებული პირადად. მე გეტყვით, რომ ამაზე [პარტიიდან წასვლაზე] ნაფიქრი მაქვს, ნაფიქრი მაქვს ამაზე იმ კონტექსტში, რომ ბოიკოტი არ მიმაჩნია გზად, ამიტომ ვნახოთ, შევხედოთ როგორ გაგრძელდება", - განაცხადა დეკანოიძემ.
6 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას წყვეტდა. ხაბეიშვილმა თქვა, რომ ამის ნაცვლად პარტიის გეგმა საერთაშორისო პარტნიორებთან, ელჩებთან შეხვედრებია, რათა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქართულ ოცნებაზე წნეხი გააძლიერონ.