logo
ENG



ბრეგაძე: სააკაშვილის ციხეში დაბრუნება არაა ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი - ჯანმრთელობაზეა

24 მარ 202300:02
3 წუთის საკითხავი
clock 784
2023/03/23/ahpirvkt60ri94u.jpg
კადრი: იმედი

იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ვივამედის განცხადებაზე ამბობს, რომ საკითხს კომპლექსურად განიხილავენ, ვინაიდან საქმე ადამიანის ჯანმრთელობას ეხება.

ბრეგაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის დაბრუნება არაა "ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი" და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექსპერტების რჩევასაც გამოიყენებენ.

„რა თქმა უნდა ეს საკითხი არ არის ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ აქ გამოვიყენებთ მათ შორის ექსპერტის რჩევებსაც და ამ საკითხს განვიხილავთ კომპლექსურად, იმიტომ რომ გასაგებია, აქ საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და ასე ერთი ხელის მოსმით ეს გადაწყვეტილება მისი იგივე პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ვერ იქნება მიღებული“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილს კლინიკაში ახლა სიმპტომურად მკურნალობენ, რადგან ის დანიშნულ მკურნალობას არ ემორჩილება. ვინაიდან, მისი თქმით, ამგვარი სიმპტომური მკურნალობა ნებისმიერ დაწესებულებაშია შესაძლებელი ვივამედმა იუსტიციის სამინისტროს სთხოვა, სააკაშვილის კლინიკაში დარჩენის მიზანშეწონილობა განიხილოს. 

ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი და მისი გარემოცვა ცდილობენ ხელოვნურად დაამძიმონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იმავდროულად შეუნარჩუნონ "სასიცოცხლო პარამეტრები", რისი საბოლოო მიზანიც საქართველოს "ხელისუფლების დისკრედიტაციაა"

* * *

კლინიკა ვივამედმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "სავარაუდოდ, იძულებულები" ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.

დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა და ვივამედში სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელახლა შეფასება სთხოვა.

ხაჭაპურიძის თქმით, მან ომბუდსმენის აპარატს ასევე სთხოვა ვივამედისგან მოითხოვოს პასუხი, რის საფუძველზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს აღარ უმკურნალებენ.

 

close დახურვა