შაბათის ფორმულამ მოიპოვა აუდიო ჩანაწერი, რომელიც POSTV-ის ხელმძღვანელის, ქართული ოცნების პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის და საქმიან შეხვედრაზე მისული 22 წლის ქალის გასაუბრებას ასახავს. აუდიომასალაში ისმის რა მეთოდებით არჩევს რამიშვილი თანამშრომლებს და რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება ახალგაზრდა ქალს, რომელიც მასთან გასაუბრებაზე მივიდა.
ჩანაწერი შეიცავს მძიმედ მოსასმენ და უხერხულ ეპიზოდებს - ამიტომ ამ ნაწილს შაბათის ფორმულა შეგნებულად არ ასაჯაროებს.
ჩანაწერში, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, გარკვევით ისმის, თუ როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს. აუდიო ჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის. ჩანაწერში ისმის, როგორ ცდილობს რამიშვილი, ანანია გაჩეჩილაძესთან კარიერაზე საუბრის ნებისმიერ მცდელობასაც კი სექსუალური ხასიათი მისცეს.
"ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ რა. რა იცი იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ გევასება?
- თქვენთან არ მინდა სექსი
- როგორ არ გინდა, გინდა", - ისმის ჩანაწერში.
მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულამ ჩანაწერი მოიპოვა, მისი ავთენტურობა ანანია გაჩეჩილაძესთან გადავამოწმეთ. გაჩეჩილაძემ საუბარი დაადასტურა.
"საინტერესო დეტალია, თავდაპირველად კაბინეტის კარი იყო ღია, სანამ ჩვენი საუბარი იყო კონსტრუქციული, საქმიანი. დღეს POSTV-ზე დაწინაურებული ჟურნალისტები ძალიან ბატონყმური ურთიერთობით შემოიფარგლებოდნენ შალვასთან და ეკითხებოდნენ რაღაცებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი საუბარი გადავიდა ინტიმურ თემებზე და დაიწყო შევიწროება, კარი დაიკეტა და ჩვენ ვიყავით ოთახში მხოლოდ", - ამბობს გაჩეჩილაძე.
რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე სხვა ქალებიც საუბრობენ. ბოლო პერიოდში ასეთი 4 ქალი აღმოჩნდა.
"მითხრა რომ ვარ ძალიან სექსუალური, მაქვს შარმი და შემიძლია ეს ყველაფერი, ძალიან კარგად გამოვიყენო ჩემს პროფესიაში. მაშინვე წამოვედი და შალვა თავად დამეკონტაქტა ისევ და მითხრა რომ თუ მინდოდა კიდევ მუშაობა, როცა მივედი უკვე მალე დაიწყო საუბარი სექსუალურ საკითხებზე. მისვამდა სექსუალური სახის კითხვებს, უნდა ვიყო გახსნილი და მალევე მე დავტოვე მისი კაბინეტი", - ამბობს ერთ-ერთი ქალი.
პირველი, რომელმაც შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა და სასამართლო პროცესი მოიგო, თათია სამხარაძეა. ის დღემდე ხდება, პროპაგანდისტული მედიებისა თუ სოციალურ ქსელებში ტროლ-ბოტების ცრუ კამპანიების სამიზნე.
"ისედაც უჭირთ ქალებს ძალადობაზე ხმამაღლა საუბარი, თუმცა, როგორც კი საქმე ეხება გავლენიან კაცს, ამ თემაზე საუბარი კიდევ უფრო რთული ხდება, რადგან ამ კაცებს შეიძლება აღმოაჩნდეთ რესურსი მსხვერპლის გასაჩუმებლად", - აღნიშნა სამხარაძემ.
თავად შალვა რამიშვილს შაბათის ფორმულასთან სატელეფონო საუბარში კი ერთი პასუხი აქვს - ქალებს ან არ იცნობს, ან მათთან შეხვედრა არ ახსოვს.