logo
ENG



კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

27 მარ 202311:33
3 წუთის საკითხავი
clock 725
2023/03/27/fa52f0iq3xi44cd.jpg

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი კომპანიის მიმართ მოკვლევის პროცესი დაიწყო. სააგენტოს ცნობით, ეს ეხება ბოლო პერიოდში, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.

"მოკვლევას საფუძვლად დაედო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია და განცხადებები ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით. მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათი განცხადებით, კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს, საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები წარმოადგინონ. კონკურენციის სააგენტო აღნიშნავს, რომ 2022 წელს კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით სააგენტომ 13 რეკომენდაცია გასცა. მათი თქმით, აღსრულების პროცესი მიმდინარე რეჟიმშია, საიდანაც სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა.

"ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. შედეგად, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა, დაახლოებით 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს - შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. 2023 წელს უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ცნობით, საქმის მოკვლევის დაწყებიდან, არაუგვიანეს, 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს - საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს. კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევი ეკონომიკური აგენტის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

22 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრო წერდა, რომ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან "არაკეთილსინდისიერი ქმედებები" დაფიქსირდა. კერძოდ, სამინისტრო ამბობდა, რომ კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.

სამინისტროს განმარტებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასები შეამცირა. მათი თქმით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს.

უწყებაში ამბობენ, რომ ამის გათვალისწინებით ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია და ეწინააღმდეგება სახელმწიფოს "გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით".


close დახურვა