logo
ENG



"ჩვენი გზა ევროინტეგრაციისკენ უალტერნატივოა" - პრეზიდენტის სიტყვა დემოკრატიის სამიტზე

29 მარ 202316:33
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და აღნიშნა, რომ ამით ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მისივე განცხადებით, ჩვენს გზას ევროინტეგრაციისკენ ალტერნატივა არ აქვს.

"საქართველომ, რთული გეოპოლიტიკური გარემოს და შიდა დაძაბულობის მიუხედავად, მიაღწია წინსვლას ორ ძირითად პრიორიტეტთან დაკავშირებით: დასრულდა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა, მიღებულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნული სამოქალაქო გეგმა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ზომები. მიუხედავად ამისა, ინკლუზიური პროცესით სასამართლო რეფორმის განხორციელება, რაც ჩვენი დასახული პრიორიტეტია, ჩვენგან კვლავ სათანადო ძალისხმევას მოითხოვს

მაშინ როცა, ეს ცვლილებები საქართველოს დეკლარირებული ვალდებულებების ნაწილი იყო და მოგვარდა ახალი კანონებისა, ან სამოქმედო გეგმების მიღებით მოგვარდა, ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც უცხოური აგენტების შესახებ კანონის გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.

ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.

მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომზე და აღნიშნა, რომ მსოფლიო დგას უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

"ჩვენ შარშან უკვე აღვნიშნეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც იდგნენ როგორც დიდი ხნის წინ დამკვიდრებული დემოკრატიები, ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პროცესში მყოფი ქვეყნები. ყველას წინაშეა დესტრუქციული გამოწვევები პოლარიზაციის, დეზინფორმაციის სხვადასხვა ფორმების, პანდემიის, სოციალური დაძაბულობისა და დისკრიმინაციის, კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების სახით.

ეს გამოწვევები, რომლებიც ჩვენს საზღვრებს შიგნით თუ მის გარეთ ღვივდება, საბოლოოდ ანადგურებს ხალხის ნდობას მათი მთავრობების, ინსტიტუტებისა და თავად დემოკრატიის მიმართ.

თუმცა, არცერთ ჩვენგანს არ ესმოდა, რომ მსოფლიო დადგებოდა უფრო პირდაპირი, სასტიკი და ყოვლისმომცველი გამოწვევის წინაშე უკრაინაში რუსეთის სამხედროს შეჭრის სახით, რომელიც წარმოუდგენელ ნგრევას, ტანჯვას, ადამიანთა დანაკარგს და ადამიანის უფლებების ჩამორთმევას იწვევს. უკრაინის წინააღმდეგ ომი, ნამდვილად არის ომი, დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ. ეს არის კიდევ ერთი შეხსენება უძველესი და ხანგრძლივი იმპერიალისტური ამბიციების მქონე შეუზღუდავი ავტორიტარული რეჟიმების შედეგების შესახებ. შეხსენება იმისა, რომ დემოკრატიები შიგნიდან უნდა იყვნენ ძლიერები, ანუ მხარდაჭერილნი ერთიანი სამოქალაქო საზოგადოების მიერ და გაერთიანებულნი საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის დამკვიდრებული პრინციპების დასაცავად.

როდესაც ვიკრიბებით დღეს, ამ კიდევ უფრო რთულ დროს, ჩვენ უნდა განვამტკიცოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა ჩვენი საერთო ღირებულებებისა და სოლიდარობის მიმართ და შევასრულოთ ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები", - აღნიშნა მან.

22 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს წარმომადგენელი წელსაც სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა. ღონისძიებაზე საქართველოს წარმომადგენელი 2021 წელსაც სალომე ზურაბიშვილი იყო - მაშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილი საქართველოს სახელით სამიტში მონაწილეობას მათი "გადაწყვეტილებით" მიიღებდა.

ღონისძიების ორგანიზების შესახებ ჯო ბაიდენმა 2020 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დროს ისაუბრა. სამიტის მიზანია, თანამოაზრე ქვეყნები კორუფციასთან და ავტორიტარიზმთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის მიზნით გაერთიანდნენ. დემოკრატიის სამიტი წელს მარტის ბოლოს არის დაგეგმილი.


close დახურვა