ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა, გია კალანდაძე აცხადებს, რომ ლაზარეს იძულებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება და თუ არ დაწერდა, მაშინ მის მეგობარს დაიჭერდნენ. გრიგორიადისის ბაბუის თქმით, ამის შესახებ მას ლაზარემ უთხრა.
"პირველ რიგში გამამხნევა და მითხრა, რომ არის ნორმალურად. შემდეგ, მომიყვა, რომ თურმე დაძალებით დააწერინეს აღიარებითი ჩვენება, რომ თუ არ დაწერდა აღიარებითს, მაშინ დაიჭერდნენ მის მეგობარს, გიორგის. ლაზარეს დღეს რაც სჭირს, თმის გადაპარსვა მაგასთან შედარებით არაფერი არ არის. მაგრამ ისე ვფიქრობ, რომ დაძალებით თმის გადაპარსვა თუ რაც არ უნდა იყოს, არ არის სწორი", - თქვა გრიგორიადისის ბაბუამ.
გუშინ, 7-9 მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა განაცხადა, რომ გრიგორიადისს პენიტენციურ დაწესებულებაში თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, დაკავებისას გრიგორიადისის უფლებები დაირღვა.
31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.
შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.