logo
ENG



"შრომა გაწიეთ, წესები წაიკითხეთ, რესპონდენტის დევნა არ შეიძლება" - პაპუაშვილი აკრედიტაციაზე

07 აპრ 202311:03
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სცადა განემარტა, რატომ შეუჩერეს ფორმულას, ტვ პირველისა და მთავარი არხის ჟურნალისტებს პარლამენტის აკრედიტაცია.

პაპუაშვილი ამბობს, რომ რესპონდენტის დევნა არ შეიძლება და თუ სურვილი არ აქვს ჩაწერის, "ამ სურვილს პატივი უნდა ვცეთ".

"არაფერ შუაშია კითხვის შინაარსი. საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება რესპონდენტის დევნა. იმ შემთხვევაში თუკი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუ, ეს ინტერვიუ უნდა შეწყდეს. პარლამენტი არ არის საჯარო სივრცე, ეს არის დაწესებულება. დაწესებულებაში მუშაობენ აპარატის თანამშრომლები, აქ მოდიან სტუმრები, პარლამენტის წევრები... 

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჟურნალისტს აგიხსენით წესები, ერთ რამეს მოგიწოდებთ, გამოყავით ორი წუთი, აიღეთ ეს წესები და წაიკითხეთ. ცოტა შრომა გაწიეთ, რომ წაიკითხოთ წესები. როდესაც რესპონდენტს არ აქვს სურვილი ჩაეწეროს ინტერვიუში, პატივი უნდა ვცეთ ამ სურვილს" -ამბობს პაპუაშვილი. 

6 აპრილს პარლამენტმა შაბათის ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს, ასევე მთავარი არხისა და ტვ პირველის ჟურნალისტებს აკრედიტაცია 1 თვით შეუჩერა. 

პარლამენტის აპარატის მიერ გამოგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ შაბათის ფორმულას წარმომადგენლებს აკრედიტაცია 1 თვის ვადით - 3 მაისის ჩათვლით შეუჩერდათ.

რაც შეეხება მთავარი არხის ჟურნალისტ თათია წოწონავასა და ტვ პირველის ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს, მათ აკრედიტაცია ელისო ბოლქვაძისთვის კითხვების დასმის შემდეგ შეუჩერეს.

ისინი დეპუტატს მოსამართლეების სანქცირების შესახებ ეკითხებოდნენ, რაზე პასუხადაც ელისო ბოლქვაძემ TV პირველის ჟურნალისტს უთხრა, რომ "მათ მაყურებელს არ ცნობს."

1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.


close დახურვა