logo
ENG



დეგნანი: შეცდომა არ დაშვებულა, აშშ დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაწესდა სანქციები

19 აპრ 202317:16
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოსამართლეთა სანქცირების შესახებ კვლავ ისაუბრა. 

მან ხაზი გაუსვა საფუძვლებს, რაზე დაყრდნობითაც მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 მოსამართლის სანქცირების გადაწყვეტილება.

"მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ არანაირი შეცდომა არ იქნა დაშვებული, შეერთებული შტატები ღრმად დარწმუნებულია, რის საფუძველზეც დაუწესეს სანქციები ამ 4 ადამიანს, კორუფციული საქმიანობისთვის. ჩატარდა საფუძვლიანი მიმოხილვა, შეგროვდა ინფორმაცია, რომელთა უმეტესობა საჯარო და ხელმისაწვდომია. შემდეგ გაემგზავრა სახელმწიფო მდივანს, მან კი მხარი დაუჭირა ამ სანქციებს, რადგან დარწმუნებული ვართ მის საფუძვლებში", - თქვა დეგნანმა.

დეგნანმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს საპარლამენტო საქმიანობის მნიშვნელობაც შეახსენა.

"შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მივიდნენ პარლამენტში და აკეთონ მნიშვნელოვანი საქმე ქართველი ხალხისთვის პარლამენტში, სწორედ ამიტომ არის შექმნილი ეს ინსტიტუტი. არასდროს არის სასარგებლო, როდესაც პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სესიებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციული ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რომლის შესახებაც დიდი ხანია ცნობილია", - განაცხადა ელჩმა.

***

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, რეგისტრაცია ისევ არ გაიარა, შესაბამისად კენჭისყრა ვერ შედგა. კვორუმისთვის საჭირო იყო 76 დეპუტატის რეგისტრაცია, თუმცა მხოლოდ 52-მა გაიარა.

ოპოზიცია სასამართლო სისტემაში კორუფციის გამოძიებისთვის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ცდილობს, რისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა იმისათვის, რომ ოპოზიციას ხელი შეუშალონ და კენჭისყრა საერთოდ ვერ შედგეს, მმართველი გუნდი წინასწარ რეგისტრაციას არ გადის. მსგავს ქმედებას მათ 18 აპრილსაც მიმართეს.

მთელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ოპოზიციამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ვერ შეძლოს. 

***

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.

ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.

 

close დახურვა