logo
ENG



მელია: ენმ-ის ახალი მენეჯმენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა იწყებს რეპრესიებს, დევნას

24 აპრ 202315:19
3 წუთის საკითხავი
clock 606
ვახო ქარელი/ფორმულა

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ-ის "ახალი მენეჯმენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა, რომელიც იბრძვის ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს, იწყებს რეპრესიებს და დევნის განსხვავებულ აზრს".

ამის შესახებ მელია Facebook-ზე წერს. ის ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ხაბეიშვილმა საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო.

მელიას თქმით, "ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ".

"მაშინ როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარები ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა ქართული ოცნების რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს! იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება.

ამ ყველაფრით კი ბათუმში, ფაქტობრივად, ხალხს აგდებენ პარტიიდან. ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში! ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომელიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩვისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ!

საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი და ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით, მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება მივყავდეთ მომავლისკენ!" - წერს მელია.

***

ბათუმის საკრებულოს ფრაქციის წევრები ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ. 

გიორგი კირთაძის გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართა და სიიდან ის ადამიანები ამოაშლევინა, ვინც მის მიმართ კრიტიკულ აზრს აფიქსირებდა.

თვის ბოლოს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე, ერთ-ერთი წევრის უფლებამოსილება უნდა შეჩერებულიყო. ლაშა კილაბერია საკუთარი მიზეზით წავიდა საკრებულოდან და სწორედ მის ნაცვლად უნდა შესულიყო ლევან გორგილაძემ, თუმცა მან შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ცესკოსთვის მიმართული აქვს ხაბეიშვილს მოთხოვნით, ის და კიდევ პარტიის 3 წევრი ამოეღოთ სიიდან.

ენმ-ის ბათუმის საკრებულოს წევრები ამბობენ, რომ ეს ლევან ხაბეიშვილის მხრიდან არასწორი ნაბიჯებია და ითხოვენ, განმარტებას და იმ შემთხვევაში, თუ ხაბეიშვილს არ ექნება დასაბუთებული მიზეზები, ამ შემთხვევაში, ითხოვენ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას. ამბობენ, რომ ეს ამომრჩევლის წინააღმდეგ წასვლაა.


close დახურვა