ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ IRI-ს კვლევა ფაქტებს არ ეფუძნება. 25 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მმართველ გუნდს მხარდაჭერა მკვეთრად შემცირებული აქვს.
"ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს ნაციონალურ მოძრაობას. როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს კვლევაში, ის ფაქტი და გარემოება ვერ დამალეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, კერძოდ, ქართული ჯარისა და პოლიციისადმი ჩვენი მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი", - ამბობს დეპუტატი.
IRI-ის კვლევის მიხედვით, უახლოეს შაბათს არჩევნები რომ იყოს, მოსახლეობის 20%-მა არ იცის ვის მისცემს ხმას, 19% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 14% - ნაციონალურ მოძრაობას, 3% - საქართველოსთვის, გირჩი - მეტი თავისუფლება - 3%, ლეიბორისტული პარტია - 2%, ლელო 2%, გირჩი - 2%, სტრატეგია აღმაშენებელი - 2% და ა.შ.
გასული წლის ნოემბერში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, პარტიების მხარდაჭერა ასე გადანაწილდა: ქართული ოცნება - 25%, ნაციონალური მოძრაობა, 12%, საქართველოსთვის - 3%, გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის - 3% და ა.შ.