logo
ENG



ფუკუიამა: ვფიქრობ, ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს

26 აპრ 202320:52
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/26/z6e990gf2c6rya6.jpg

ამერიკელი პოლიტოლოგის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, ქართულ ოცნებას, არ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირს შეუერთდეს.

ფუკუიამა თბილისში იმყოფება და ქართველ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა ახლაც მიმდინარეობს. დისკუსიის ორგანიზატორია თავისუფალი უნივერსიტეტი, აგრარული უნივერსიტეტი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, ასევე სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი.  

"საქართველოში სერიოზული პრობლემებია, რადგან ქვეყანაში დაფარული ძალა მუშაობს. ქართულ პოლიტიკაში არის გავლენა, რომელიც არჩევნების შედეგებს არ წარმოადგენს. ასეთი დაფარული გავლენები ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელია, რადგან დემოკრატია ეყრდნობა გამჭვირვალობას", - თქვა ფუკუიამამ.

მისი თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა კონკრეტული ოლიგარქის გავლენაა. ის ასევე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო, მაგრამ დასაჯოს ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელია.

"ეს საქართველოს მთავარი პრობლემაა, კონკრეტული ოლიგარქის გავლენა. ვფიქრობ, რომ ივანიშვილს და მის პარტიას არ უნდა, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. აკეთებენ ყველაფერს, რომ დაბლოკონ საქართველოს ევროკავშირში წევრობა. როგორც ეპყრობიან სააკაშვილს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს. მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა არ დასაჯოს საქართველო, მაგრამ დასაჯონ ის ხალხი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ამაში. მე ვფიქრობ, რომ სანქციები კონკრეტულ ინდივიდებს უნდა შეეხოს, ვინც საქართველოს წინააღმდეგაა.

საქართველოს ევროკავშირში წევრობა საუკეთესო გარანტიაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება ბევრ საკითხზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა მოხდება საქართველოში", - აღნიშნა მან.


close დახურვა