logo
ENG



რუსული ბანკი Tochka რუსი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარში იწყებს

27 აპრ 202318:36
3 წუთის საკითხავი
clock 1056
რუსული ბანკი Tochka რუსი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს ქართულ ლარში იწყებს
ვახო ქარელი/ფორმულა

რუსული ბანკი Tochka რუსი მეწარმეებისთვის სავალუტო ოპერაციებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში იწყებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მათი ცნობით, თანხის ლარში გაგზავნა შესაძლებელი იქნება საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში.

გამოცემა Inc ბანკიდან მიღებულ პრესრელიზზე დაყრდნობით აცხადებს, რომ Tochka-ს კლიენტებს ამ დრომდე ქართულ ბანკებში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ევროში, დოლარსა და რუბლში შეეძლოთ, ამიერიდან კი "ლარში გადახდა შესაძლებელი გახდება ქვეყანაში არსებულ ყველა ბანკში".

სხვა ქვეყანაში თანხის გადასარიცხად, მეწარმეს საჭიროა, ჰქონდეს უცხოური ვალუტის ანგარიში, რის გაკეთებაც ონლაინ უფასოდაა შესაძლებელი. უცხოურ ვალუტაზე საკომისიო გადასახადი კი ტარიფზე იქნება დამოკიდებული.

ბანკის წარმომადგენელი, ანა დავიდოვა აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 2022 წელს გაზრდილი სავაჭრო ბრუნვის გამო Tochka-მ გადაწყვიტა ვალუტებს შორის ლარის დაემატებინა.

"გასული წლის განმავლობაში, 2021 წელთან შედარებით, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა. ახლა რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ ჩვენ დავამატეთ ახალი ვალუტა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობის ამ ტრენდს ხელს შეუწყობს" - განაცხადა ანა დავიდოვამ.

Tochka რუსული ციფრული ბანკია ფიზიკური ოფისების გარეშე, რომელიც მეწარმეებსა და მცირე და საშუალო ბიზნესებს დისტანციურად ემსახურება.


close დახურვა