ისრაელმა ღაზას სექტორზე იერიში მიიტანა მას შემდეგ, რაც ისრაელის ციხეში მოშიმშილე პალესტინელის დაღუპვის შემდეგ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. ინფორმაციას გამოცემა CNN ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს. თავდაცვის ძალების თქმით, საპასუხოდ მათ ცეცხლი გაუხსნეს ღაზას სექტორში მდებარე სამხედრო პოსტს, იარაღის საწყობს, იარაღის მწარმოებელ ადგილებსა და საწვრთნელ ბაზებს, რომლებიც ჰამასს ეკუთვნის. ასევე თავს დაესხნენ ცემენტის საწარმოს, რომელსაც ჯგუფი ინფრასტრუქტურისთვის იყენებს.
ღაზას სექტორიდან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია. ისრაელის ცნობით, ღაზიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად ისრაელის ქალაქ სდეროთში 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 მძიმედ.
"იერიში განხორციელდა ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ დღეს დილით რაკეტების გაშვებაზე პასუხად. ამ თავდასხმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ღაზას სექტორში ჰამასის ტერორისტული ჯგუფის შესაძლებლობები და თავიდან აგვაცილებს დამატებით იარაღის ფლობის შესაძლებლობებს" - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალებმა.
შეტაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ისლამური ჯიჰადის პალესტინელი ყოფილი სპიკერი ხადერ ადნანი, რომელიც ისრაელში დააკავეს, 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ გარდაიცვალა.
ადნანი 5 თებერვლის შემდეგ შიმშილობდა, ისრაელის პენიტენციური სამსახურის თქმით, მისი ცხედარი 2 მაისს საკანში იპოვეს.
ადნანი 2004 წლის შემდეგ სულ მცირე 11-ჯერ დააკავეს. მისი დაკავებები და ხანგრძლივი შიმშილით პროტესტი ისრაელის პოლიციისადმი პალესტინის წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.
ისრაელის ხელისუფლება მას ტერორიზმის მხარდაჭერაში, ტერორისტულ ჯგუფთან კავშირსა და წაქეზებაში ადანაშაულებდა. მისი სასამართლო მიმდინარე თვეში იყო დაგეგმილი.
მისმა დაღუპვამ პალესტინაში ბრაზი და პროტესტი გამოიწვია, ისრაელში დაკავებულმა სხვა პალესტინელების ნაწილმა კი პროტესტის ნიშნად ასევე შიმშილი დაიწყეს.
პალესტინის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ შტაიემ ისრაელი ხადერ ადნანის „გათავისუფლების მოთხოვნაზე უარის თქმით, სამედიცინო უგულებელყოფით და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად საკანში დატოვებით, მის განზრახ მკვლელობაში” დაადანაშაულა.
პალესტინელი ტყვეების უფლებადამცველი ჯგუფის თქმით, ადნანი "ყალბი ბრალდებებით" დააკავეს, რომელთა მიზანიც "პალესტინელი აქტივისტებზე დამატებითი წნეხია".
ადნანის ცოლის, რანდა მუსას თქმით, ის იმის გამო შიმშილობდა, რომ ისრაელის ხელისუფლება "მის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა და მას ადვოკატთან შეხვედრის უფლებას არ აძლევდა".
ისრაელის მაღალჩინოსანმა კი გამოცემა AFP-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ადნანმა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმით და ასევე აღნიშნა, რომ "ბოლო დღეებში სამხედრო სააპელაციო სასამართლომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი [ადნანის] პატიმრობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა".
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, "ღაზას სექტორიდან წამოსულ ნებისმიერ ტერორისტულ აქტივობაზე პასუხისმგებლობა ჰამასს დაეკისრება".