სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავა.
როგორც უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ თქვა, დაჭრილი გივი მარგველაშვილის დაცვა, რომელმაც საპასუხო ცეცხლის დროს თავდამსხმელი მოკლა, დაცვის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკია.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე დაკავებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი.
მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2023 წლის 4 მაისს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ დასაცავი პირის ნათესავ გ.მ-სთან ერთად იმყოფებოდა და მობილურ ტელეფონზე საუბრობდა. მოულოდნელად, გ.მ-ს შეიარაღებული ს.გ მიუახლოვდა, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მის მიმართ რამდენიმე გასროლა განახორციელა და ფეხების არეში ცეცხლსასროლი დაზიანებები მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ს.გ-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ადგილზე მყოფმა დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ს.გ-ს შემთხვევის ადგილის დატოვების შესაძლებლობა არ მისცა და სხეულის მიდამოში მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ესროლა, რომელსაც კანონის მოთხოვნათა დარღვევით ატარებდა. ს.გ გულ-მკერდის არეში მიყენებული ცეცხლსასროლი დაზიანებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", - განაცხადა კვარაცხელიამ ბრიფინგზე.
გუშინ, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. მოკლულია კაცი.
ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათი ცნობით, ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენთიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ერთ-ერთი დაჭრილია ბიზნესმენი გიჩო მარგველაშვილი, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, გამვლელი ტურისტი. ირკვევა, რომ მოკლული მარგველაშვილზე თავდასხას გეგმავდა, თუმცა ის ბიზნესმენის დაცვამ მოიგერია, რა დროსაც ის დაიღუპა.
ექიმის თქმით, მარგველაშვილს ტყვია ბარძაყის და წვივის არეში ახლო დისტანციიდან მოხვდა, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რაც შეეხება მეორე დაჭრილს - ტურისტი ამერიკულ ჰოსპიტალში იმყოფება. მას უტარდება კვლევები და მედიკოსების დაკვირვების ქვეშ არის.