logo
ENG



"ერთსულოვნებაა, არავინ დგას ოცნების მხარეს" - კეტი პირი ქართული ოცნების PES-იდან გარიცხვაზე

08 მაი 202321:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/08/ehrwwpz3h58hxc6.jpg

ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის კეტი პირის განცხადებით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს.

როგორც სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში კეტი პირიმ აღნიშნა, მათი შეშფოთება ჯერ კიდევ მარტში რუსულ კანონთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერების განცხადებებმა გამოიწვია.

"ჩვენი შეშფოთება წარმოიშვა თებერვალ-მარტში, როდესაც ვიხილეთ დიდი პროტესტი მოსახლეობისგან, რაც გასაგებია. იყო ძალიან დიდ შეშფოთება არა კანონთან დაკავშირებით, არამედ თუ როგორ განცხადებას აკეთებდნენ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ოცნების პოლიტიკოსები - თბილისის მერი, პარტიის ლიდერი თუ პრემიერმინისტრი. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვიყავით და მარტში გადავწყვიტეთ ფაქტების მოძიების მისია გაგვეგზავნა საქართველოში, გვესაუბრა საქართველოს წარმომადგენლებთან, ქართული ოცნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მაგრამ როგორც კი დავინახეთ, რომ ღარიბაშვილისა და მისი პარტიისთვის მისაღები იყო ულტრაკონსერვატიულ, არადემოკრატიულ პოლიტიკურ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლა, ფაქტების მოძიების მისია აღარ გახდა საჭირო. სოციალისტური პარტიის არც ერთი წევრი არ იყო კმაყოფილი ქართული ოცნების ამ ქმედებით"- თქვა მან. 

კეტი პირის განცხადებით, საბოლოო გადაწყველებას გარიცხვასთან დაკავშირებით ივნისში მიიღებენ.

"ნათლად დგას საკითხი, მე წარვუძღვები დისკუსიას ევროპელ სოციალისტებში, ჩემი პირადი აზრი და პოზიცია იქნება, რომ მათ შეუჩერდეთ სტატუსი ევროპელ სოციალისტებში... ჩვენ რამდენჯერმე განვიხილეთ და ერთსულოვნება ვიგრძენი ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში. ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც გახლავთ ანტი ლგბტ, ასევე უკრაინაში ომის თემასთან დაკავშირებით როგორ ჩარჩოებშიც სვამდნენ სამოქალაქო საზოგადოებას. ყველა დისკუსიაში, რომელიც გავმართეთ (სამჯერ გაიმართა) არავინ დადგა ქართული ოცნების მხარეს. რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, არ ვფიქრობ, რომ ეს კენჭისყრაზე დადგება. არც ერთი ადამიანი არ უჭერს მხარს ქართულ ოცნებას" - აცხადებს კეტი პირი.  

4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".

ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთშიკონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მან ისაუბრა ტრადიციულ ღირებულებებზე, "ოჯახის სიწმინდეზე" და მისი გამოსვლა შეიცავდა ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ გზავნილებს.

ღარიბაშვილმა ისაუბრა ორბანზეც: "უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ხალხისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია".


close დახურვა