უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო აცხადებს, რომ "ქართული ოცნება იქცა პუტინის ოცნებად და ისინი იქცევიან ისე, რომ არ გააღიზიანონ კრემლი". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა.
გონჩარენკოს თქმით, ოცნებას აკონტროლებს ივანიშვილი, რომელიც "პრორუსული აგენტია, ამიტომაც, მის წინააღმდეგ შემოღებული უნდა იყოს სანქციები, რათა შეწყდეს მისი პრორუსული აქტივობები".
"ქართული ოცნება, მმართველი პარტია გახდა პუტინის ოცნება და ისინი იქცევიან ისე, რომ არ გააღიზიანონ კრემლი. ეს არის აბსოლუტური სირცხვილი და გულდასაწყვეტია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ ძალიან სერიოზული დარტყმა განიცადა რუსეთის მხრიდან, 20% ოკუპირებული რუსეთის მიერ, იგივე პროპორციით არის უკრაინის ტერიტორიებიც ოკუპირებული. სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, ქართულ ოცნებას აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და არ მაქვს ეჭვი, რომ ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პრორუსული აგენტი და ამისთვის, ის უნდა დაისაჯოს, ამიტომაც, ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უნდა იყოს შემოღებული, რათა შეწყდეს მისი პრორუსული აქტივობები, რითაც ის ქმნის საქართველოსგან რუსეთის ვასალურ სახელმწიფოს. უნდა ვიმოქმედოთ დიპლომატიური პლატფორმით, ფრონტით, მათ წინააღმდეგ, ვინც თამაშობენ რუსული წესებით საქართველოში", - განაცხადა გონჩარენკომ.
მისი თქმით, მიზეზი, რატომაც ვერ მიიღო საქართველომ EU-ის კანდიდატის სტატუსი, მთავრობის ქმედებებია. ის ამბობს, რომ "სანქციები უნდა იქნას შემოღებული პრორუსული აგენტების წინააღმდეგ".
"მე ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩემ კოლეგებსაც მოვუწოდებ და როდესაც გადაწყვეტილების მიღება იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკრაინასა და მოლდოვისთვის, ვცდილობდი, რომ საქართველოსაც მიეღო სტატუსი. ვამბობდი, რომ საქართველო არ უნდა იყოს ერთი პრორუსი ოლიგარქის მძევალი, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ადამიანები, როგორიც მე ვარ, საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვერაფერს ვუზამთ საქართველოს მთავრობას, მათი მოქმედების შედეგად საქართველო ვერ გახდა კანდიდატი, ზუსტად იმიტომ, რაც ჩაიდინა საქართველოს მთავრობამ. სანქციები უნდა იქნას შემოღებული პრორუსული აგენტების წინააღმდეგ და არ უნდა შეეხოს, რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობას, პირიქით, ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს მოსახლეობას, რომ მან ევროპისა და NATO-ს მიმართულებით იმოძრაოს", - განაცხადა გონჩარენკომ.