logo
ENG



კობახიძე: 19 აპრილის შეთანხმება იყო ანომალია, ღია და უხეში მცდელობა, შეცვლილიყო ხელისუფლება

16 მაი 202322:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/vgugd3hpezuxul1.jpg

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 2021 წლის 19 აპრილს, ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით დადებულ შეთანხმებას "ანომალიას" უწოდებს.

ეს განცხადება მმართველი პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმება იყო "ღია და უხეში მცდელობა, ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება".

"რა თქმა უნდა, 19 აპრილის შეთანხმება თავიდან ბოლომდე იყო ანომალია, ანომალიაც არ იყო, ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ღიად 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვთქვით, ანულირების შემდეგ, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას არ მოვაწერთ ხელს, ანომალიაზე აღარასდროს აღარ წავალთ, რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ანომალიებზე ამ ქვეყანაში უნდა ითქვას უარი", - თქვა კობახიძემ.

***

ოპოზიციის ნაწილს და ხელისუფლებას შორის შარლ მიშელის შეთანხმება 2021 წლის 19 აპრილს გაფორმდა. დოკუმენტის ხელმოწერას წინ პარლამენტის ბოიკოტი და მოლაპარაკებების რამდენიმეთვიანი პროცესი უძღოდა. ენმ-ს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია, თუმცა, ბოიკოტი დაარღვია და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შევიდა. 

დოკუმენტში ხაზგასმულია სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხი, ასევე, მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ნაწილი - შეთანხმების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო.  

2021 წლის 23 ივლისს ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ შეთანხმებამ თავი ამოწურა და ის ცალმხრივად ანულირებულად გამოაცხადა. მიზეზად მმართველმა პარტიამ დაასახელა ის, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, ენმ-ს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. 

რა წერია 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტში ნახეთ აქ.

 


close დახურვა