ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა - თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დილის 07:00 საათზე გაფრინდა, ბორტზე 80-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.
"ავიაკომპანიამ განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. Georgian Airways გეგმავს ყოველდღიურად ფრენების შესრულებას, კვირაში 7 სიხშირით. კონკრეტულად რამდენი ქართველი იყო ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, არ მომიძიებია, მაგრამ რა თქმა უნდა, იყვნენ ქართველი მგზავრებიც. მოსკოვიდან ჩამოფრენილ რეისს ველოდებით 15:30 საათზე", - განაცხადა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა.
Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
კიდევ ერთი აქცია რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან, 20:00 საათზე გაიმართა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
ამავე თემაზე: