სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია, რომლის აღიარებისთვისაც ერევანი მზადაა, მთიან ყარაბაღსაც მოიცავს. ამის შესახებ მან დღეს მიმდინარე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"საერთაშორისო საზოგადოების აღქმა მეტად იხრება იმ ფორმულისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა დათქმის გარეშე აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა - 29 800 და 86 600 კვადრატულ კილომეტრზე. სომხეთი მზადაა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა 86 600 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში.
ჩვენი აზრით, აზერბაიჯანი მზადაა აღიაროს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა 29 800 კვადრატულ კილომეტრზე. ეს 86.6 ათასი კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი ბაქო-სტეფანაკერტის ფორმატში უნდა განიხილებოდეს", - განაცხადა ფაშინიანმა.
14 მაისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უმასპინძლა. შეხვედრა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების დარეგულირებას მიეძღვნა. როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გზაზე პროგრესზე.
მანამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში - ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ხელმძღვანელობდა.
გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოწოდებები საერთო საზღვრის გასწვრივ ბოლოდროინდელი შეტაკებების სერიის შემდეგ გაძლიერდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში სადავო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა ორივე მხარეს. გასულ თვეში ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად იყო ეცნო აზერბაიჯანის სუვერენიტეტი მთიან ყარაბაღზე.
***
2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.
არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.