logo
ENG



ქართული ოცნება ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში "დამსახურებულ გამარჯვებას" ულოცავს

29 მაი 202311:02
3 წუთის საკითხავი
clock 484
2023/05/29/ty1pp9lsiqrmtli.jpg

ქართული ოცნება რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. განცხადებას პარტია Facebook-ზე აქვეყნებს.

"ქართული ოცნება ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და "სახალხო ალიანსს" საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას.

თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს თავის მხრივ არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას, როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის.

გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე, ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და გამტკიცდება", - აღნიშნულია ოცნების განცხადებაში.

თურქეთის საარჩევნო საბჭოს პირველადი შედეგებით, ხმების 99.43%-ის დათვლის შედეგად არჩევნების მეორე ტურში რეჯეპ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

თურქეთში წინაასაარჩევნო კამპანია დაძაბულობისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".

11 მაისს ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც არჩევნებში ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს - მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა.


close დახურვა