ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს.
ჰერჩინსკი ამბობს, რომ ფრენებთან დაკავშირეით გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, თუმცა ეს მოითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც.
ელჩის თქმით, თავის მხრივ, ლევან დავითაშვილისგან მოისმინეს არგუმენტები, რომლებიც "აქამდეც მოსმენილი ჰქონდათ".
"ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომ არ განხორციელდეს ფრენები რუსეთში და თვითმფრინავებმა რუსეთიდან არ გადაიფრინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე.
ჩვენ ასევე გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი გადაწყვეტილების წინააღმდეგ - მოვახდინოთ რუსეთის იზოლაცია და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რომ მან შეცვალოს მისი ქცევა...
ეს იყო რუსეთს გადაწყვეტილება, რომ აღედგინა ფრენები, თუმცა ეს ასევე ითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლებიდან და სწორედ ამიტომ, მე გადავეცი გზავნილი, რომელიც არის შეთანხმებული ევროკავშირის 27 ქვეყანასთან, რომ ჩვენ წუხილს გამოვთქვამთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ აღედგინა ფრენები რუსეთთან"- თქვა მან.
EU-ის წევრმა ქვეყნებმა საქართველოს დემარში აქამდეც გამოუცხადეს - 27 თებერვალს ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური დემარშით მიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.