logo
ENG



"პოლიციელმა ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ იარაღი ისროლა" - დაწყებულია გამოძიება

29 მაი 202319:45
3 წუთის საკითხავი
clock 1073
"პოლიციელმა ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ იარაღი ისროლა" - დაწყებულია გამოძიება

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას [ძალადობით ან იარაღის გამოყენებით] გულისხმობს.

მანამდე ერთ-ერთმა მოქალაქემ, ნანუკა ავალიანმა დაწერა, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ყოფნისას, სასაზღვრო პოლიციელმა, რომელიც მისი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში იყო, ტურისტების კარვების მისამართით ისროლა. 

"2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც! 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებზე - 13 ადამიანი. სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე, გვგონია რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ, სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან და ნუ მოკლედ მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, მანამ სანამ არ დაღამდა... ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00-ზე გვაღვიძებს როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა. ჯერ თავიდან გვეგონა, რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა რაღაცას, მაგრამ არა!

ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო, რომელზეც უთხრა: უიი გასაღები არ მქონიაო, შემდეგ დავარდნილი პომიდვრის აღება უბრძანა და შემდეგ იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით, მეორედ გადატენა და იქვე დაიდო! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ! ხალხო ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის! არ დაგვავიწყდეს ის, რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ. ხალხო შოკში ვარ! ყველა ფილმი, რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე ახლაც კი თვალწინ მაქვს... ნამდვილად არ მაინტერესებს ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი! ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვყავს შვილები და ის ტყვია რომელიმე ჩვენგანს რომ მოხვედროდა, გამეცით პასუხი ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის? ვიმეორებ, სულ არ მაინტერესებს ტურისტები უჩივლებენ თუ არა! დაცული ტერიტორია ნიშნავს დაცულ ტერიტორიას და სასწრაფოდ ვითხოვ რეაგირებას!", - წერს მოქალაქე. 

 


close დახურვა