ნაციონალური მოძრაობის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს POSTV-ის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს. ჩიქოვანის თქმით, ამ დრომდე არავის უგია პასუხი ცრუ დასმენისთვის.
როგორც ჩიქოვანი აცხადებს, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ აღადგინოს მისი რეპუტაცია და ღირსება, რომელიც პროპაგანდისტულმა არხმა და ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ მიზანმიმართულად შელახეს.
ჩიქოვანის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლოსგან ისინი მოითხოვენ, რომ POSTV-ის დააკისროს ვალდებულება, რომ არხმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და უარყოს მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს დიმიტრი ჩიქოვანმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ასევე, ისინი მოითხოვენ სიმბოლურ კომპენსაციას - ერთ ლარს.
"მე მივმართავ სასამართლოს, რათა აღდგეს ჩემი პატივი და ღირსება იმ ინციდენტის მერე, რომელიც ცნობილი პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის მიერ იყო დაგეგმილი მარტის დღეებში ჩემს წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, რომ სასამართლო დღეს იმართება სასამართლო კლანის მიერ, მე მაინც არ დავიშურებ ძალ-ღონეს, რომ სამართლიანობა აღდგეს", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მარტში სამთავრობო ტელევიზია POSTV-მ და მისმა ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ ჩიქოვანს თათია სამხარაძის გატაცებაში დასდეს ბრალი. ცილისწამების შესახებ სამხარაძემ და ჩიქოვანმა მალევე განაცხადეს. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა.