logo
ENG



"დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" - პარლამენტთან აქცია იმართება

03 ივნ 202321:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/tx9tc3seuzvouge.jpg
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტთან აქცია სახელწოდებით "დაიცავი გამოხატვის თავისუფლება!" იმართება.

აქციის ორგანიზატორები - მოძრაობა ჯიუტი, პოლიტიკოსები და მოქალაქეები პოლიციის მიერ 2 ივნისს მშვიდობიანი პროტესტისას მოქალაქეებისთვის ბანერების წართმევას და დაკავებას აპროტესტებენ.

მოქალაქეების თქმით, აქტივისტების დაკავება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა, ხოლო ცარიელი ბანერების გამო ადამიანებს რუსეთში აკავებენ.

„დაკავების მიზეზი ყველამ ნახეთ რაც იყო. რეალურად ადამიანები დააკავა პოლიციამ, ზოგიერთი ცარიელი ფურცლით ხელში, ზოგიერთი იმიტომ რომ საკუთარ აზრს ამ ფორმით გამოხატავდნენ. ეს ქმედება, გარდა იმისა, რომ კანონდარღვევაა და უსამართლოა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მე ვფიქრობ, მთლიანად საზოგადოებისთვისაც მიუღებელია, იმიტომ რომ ასეთი ქცევა პოლიციელებისგან, რაც გუშინ ვნახეთ, სამწუხაროდ, მანამდე გინახავს რუსეთში და ძალიან არ მინდა რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სამართალდამცველები ისე იქცეოდნენ, როგორც რუსეთში იქცევა რუსული პოლიცია, რომელიც პუტინის მსახურია“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. როგორც ცნობილია, დაკავებულია 7 ადამიანი. 

დაკავებულს შორისაა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი. თვითმხილველები ამბობენ, რომ მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 

თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა. 

მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.

საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე გამოეხმაურა გუშინ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის დაკავების ვადის გახანგრძლივებას და განაცხადა, რომ დაკავების 24 საათის ნაცვლად 48 საათამდე გახანგრძლივების პრაქტიკას შსს, ძირითადად, აქტივისტების შემთხვევაში, სადამსჯელოდ იყენებს.

 


close დახურვა