2 ივნისს ბანერების გამო დაკავებული ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი და ნიკა რომანაძე გაათავისუფლეს. მათ თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორში 48 საათი გაატარეს.
საქართველოს დემოკარტიული ინიციატივის (GDI) ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი ფორმულასთან ამბობს, რომ დაპატიმრების მიზანი დაშინებაა, თუმცა ქართული ოცნება ამას ვერ შეძლებს. მისივე თქმით, თეთრი ფურცლის გამო დაკავებებმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის მსგავსებები აჩვენა.
"ამაზე თავისუფალი აქამდე არასდროს ვყოფილვარ - დაკავებული თეთრი ფურცლის ხელში ჭერის გამო იმ ადამიანების ციხეში, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ციხით შეაშინებენ ადამიანებს, რომლებიც ღირებულებებისთვის იბრძვიან. მე მგონია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომელბსაც 4 კედლით და 12 კვადრატით ვერ შეაშინებ", - თქვა მარიკაშვილმა.
2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ბანერების გამო მოქალაქეები დააკავა. ძირითადად ამ ბანერებზე პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ნახსენები. სულ 7 ადამიანი დააკავეს.
დაკავებულს შორის იყო საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი - მას ცარიელი ფურცელი ეჭირა ხელში. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების გამო რამდენიმე ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
თავდაპირველად პარლამენტთან მოქალაქეები ლაზარე გრიგორიადისის მამის, ბექა გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომელიც პირველ ივნისს კარვის გაშლის მცდელობის გამო დააკავეს. სასამართლომ ის 2000 ლარით დააჯარიმა.
მშვიდობიან აქციაზე პირველი დააკავეს ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით "ირაყლი". მოგვიანებით დააკავეს, კიდევ სამი მოქალაქე, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი. მას ასომთავრულით დაწერილი ბანერი ჰქონდა.