logo
ENG



"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა" - პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, მოსამართლეებს სანქციები მოუხსნან

05 ივნ 202318:22
3 წუთის საკითხავი
 
"პოლიტიკური გადაწყვეტილებაა" - პაპუაშვილი აშშ-ს მოუწოდებს, მოსამართლეებს სანქციები მოუხსნან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, ქართველ მოსამართლეებს სანქციები "რაც შეიძლება მალე" მოუხსნას.

პაპუაშვილის თქმით, მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის და მისივე აზრით, "მტკიცებულებების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია".

"მგონი სანქციებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ისედაც ცნობილია. მგონი ორი თვე გავიდა, ვითხოვდით მტკიცებულებებს, ნული მტკიცებულებაა წარმოდგენილი. ამიტომ, მტკიცებულებების გარეშე მიღებულო გადაწყვეტილება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, ამას რაიმე დატვირთვა ჩვენთვის არ აქვს და პირიქით, მოვუწოდებ მე, რომ ეს სანქციები რაც შეიძლება მალე მოიხსნას. ვინაიდან, არ შეიძლება მტკიცებულებების გარეშე ადამიანზე თავდასხმა და შეტევა მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მოსამართლეს"- ამბობს პაპუაშვილი.

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.

სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.


close დახურვა