logo
ENG



ზარქუა: პირადად მე სალომე ზურაბიშვილი არ მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ

07 ივნ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock 500
ზარქუა: პირადად მე სალომე ზურაბიშვილი არ მიყვარს, მაგრამ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ
ვახო ქარელი/ფორმულა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე "ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია".

თემაზე საუბრისას ზარქუამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, "ყველამ ისწავლოს ინსტიტუციების პატივისცემა". ამის პარალელურად, მან აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის ინსტიტუს პატივს სცემს, სალომე ზურაბიშვილი კი არ უყვარს".

"თქვენ იცით, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს და ჩვენ არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ, იმიტომ კი არა, რომ სალომე გვიყვარს ძალიან, არა, მე პირადად არ მიყვარს, მაგრამ უბრალოდ პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია ყველამ ვისწავლოთ პატივისცემა ამა თუ იმ ინსტიტუციის, მათ შორის პრეზიდენტის. აქ საქმე ის არის, რომ ჩვენ ვაკვირდებით, რომ მერამდენედ ვეჩეხებით, თითქოს და საბოტაჟს უქმნის ჩვენს ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ. 

შეგახსენებთ, ეს იყო ელჩების დანიშვნა. ვეუბნებოდით, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, უბრალოდ წარდგენილს ხელი მოაწეროს, მეტი არაფერი ევალება. სანამ არ ვთქვით, დაე საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს თემა, მანამდე არ მოაწერა. მეორე თემა იყო ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნა. მითხარით აბა, სადმე ჩანაწერი არსებობს, სადაც ბატონმა, ვინც იყო მოქმედი თავმჯდომარე 20-21-ში ვინც ჩაატარა არჩევნები, მასზე რამე უარყოფითი დასკვნა მოისმინეთ? ვეუბნებით, იდეალური კანდიდატია, წარვადგინეთ, რომ წარმოედგინა პარლამენტში, დღემდე არ გააკეთა და მოგვწერა რა - იცით რა, არგუმენტები არ მაქვსო, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემიაო. ალბათ, სახეზე არ მოეწონა, იმიტომ რომ სხვა მიზეზი არ არსებობს. როდესაც ამგვარი მიდგომით ხარ, რომ სამართლებრივი არგუმენტი არ გაქვს, მაგრამ მაინც, არ მინდა წარმოვადგინოო, ეს არ არის სწორი ჩვენი ქვეყნისთვის.

ვეუბნებით, წარმოადგინე კანდიდატი, არ აკეთებს. ბოლოს შეთანხმება იყო, რომ პრეზიდენტის ვეტო არ უნდა დაგვეძლია და ის წარმოადგენდა კანდიდატურას - დაარღვია ესეც. გავიდა თებერვალი, მარტი, ახლა ივნისია და მე მგონია, რომ დღევანდელი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, დაგვიანებული თუ არა, სამართლიანია. დიახ, ჩვენ შემდეგ სასესიო კვირაში გადავლახავთ პრეზიდენტის ვეტოს და არ მივცემთ არავის საშუალებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ეროვნულ ბანკს, ისევე როგორც სხვა ინსტიტუციებს", - განაცხადა ზარქუამ.

ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".

ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.

ამასთან, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

მმართველი პარტიის თქმით, პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, "თუმცა ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია".

ქართული ოცნების განცხადება


close დახურვა