logo
ENG



"ხუციშვილის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა" - პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი ოცნებას

07 ივნ 202317:09
3 წუთის საკითხავი
clock 732

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი სებ-ის საბჭოს წევრობაზე ნამდვილად განიხილავდა მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, თუმცა ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის განმარტებით, ამ თანამდებობაზე ხუციშვილის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა.

გიორგი მსხილაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფინანსთა მინისტრის დამოუკიდებლობის ნაწილში არსებულ კითხვებს ამყარებდა მმართველი გუნდის მიერ ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნა "პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით".

გარდა ამისა, ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა უპასუხა განცხადების იმ ნაწილს, სადაც ქართული ოცნება ზურაბიშვილს ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფერხებაში სდებს ბრალს და თქვა, რომ ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს სებ-ის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება.

"დღეს ქართლი ოცნების პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდებოდა ეროვნული ბანკის საქმიანობას. პირველი - საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა, პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგინებასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია.

რაც შეეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, კანდიდატის დამოუკიდებლობა, კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს სებ-ის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოააშკარავა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არამხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს იყო პრეზიდენტის ვეტო, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას კი არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან"- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

დღეს, 7 ივნისს, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".

ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.

ამასთან, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.

***

საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

ეროვნული ბანკის საბჭო

საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:

  • საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია;
  • საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. 
  • ეროვნული ბანკის საბჭოში 4 არააღმასრულებელი წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა.

 


close დახურვა