logo
ENG



უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა, ის შვეიცარიაში დესპანი იქნება

09 ივნ 202320:25
3 წუთის საკითხავი
clock 3522
2023/06/09/vpim1rw0v8tope1.png

სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, შოთა გეწაძემ თანამდებობა დატოვა. შოთა გეწაძე, რომელსაც სისტემაში მუშაობა კიდევ 25 წლის განმავლობაში შეეძლო ქვეყანას ტოვებს და საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმდება.

საქართველოს უვადო მოსამართლე შვეიცარიაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიციას დაიკავებს.

"ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება ცვლილებებს მოითხოვს და ასე ვთქვათ, შევთანხმდით ამ ცვლილებებზე. მეტი არაფერი. ჩვენ ოჯახში შევთანხმდით ამ საკითხზე, იყო ასე ვთქვათ, საკითხი დაყენებული, ვიმსჯელეთ დიდი ხანი და მივიღეთ გადაწყვეტილება. არანაირს [სასამართლო კლანის მიმართ] პროტესტს ეს არ უკავშირდება."- აცხადებს ფორმულასთან შოთა გეწაძე.

იუსტიციის საბჭომ შოთა გეწაძისთვის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა 2 ივნისს დაუკმაყოფილა. საბჭოს სანქცირებული წევრი, ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლის მიერ სისტემის დატოვებაში ვერაფერს ხედავს, მეტიც მურუსიძე არ მალავს, რომ მსგავს შეთავაზებას თავადაც დათანხმდებოდა.

"სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით მოითხოვდა და ჩაგვაყენა საქმის კურსში. რა არის აქ ისეთი თემა? ადამიანი იცვლის სამსახურს ხო? ვფიქრობ, რაც გაჟღერდა და სადაც მიდის ძალიან საპატიო და საპასუხისმგებლო სამსახურია. სიმართლე გითხრათ, მეც მასეთი სამსახური თუ მექნებოდა შეიძლება დავფიქრებულიყავი."- ამბობს ფორმულასთან ლევან მურუსიძე. 

შოთა გეწაძეს არასამთავრობო სექტორი წლების განმავლობაში კლანთან დაახლოებულ მოსამართლედ მიიჩნევდა, თუმცა ბოლო დროს ის სისტემისგან დისტანცირდა და 2021 წელს ღიად გაემიჯნა მოსამართლედა კონფერენციაზე კოლეგების ნაწილის მიერ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების კრიტიკას. გეწაძემ კოლეგების სურვილის მიუხედავად უარი არ თქვა ამერიკის შეერთებულ შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის გავლაზე. ამ ტრენინგს დროში დაემთხვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირება.


close დახურვა