logo
ENG



სექსუალური ძალადობა სმენის არმქონე გოგოებზე, ერთ-ერთი 7 წლისაა - შაბათის ფორმულას გამოძიება

10 ივნ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ სმენის არმქონე არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები გაარკვია. შაბათის ფორმულამ მოიპოვა კადრები, რომელიც არასრულწლოვანებზე სექსუალურად ძალადობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. წუთნახევრიან ვიდეოში, სმენა დაქვეითებული არასრულწლოვანი გოგო კაცის მითითებებს ასრულებს. მოზარდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცს, საკუთარ შიშველ სხეულს აჩვენებს. კადრში 50 წლამდე კაციც ჩანს, რომელიც ვიდეო კადრებს მოზარდის გაფრთხილების გარეშე იწერს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის საქმეში 30-მდე ანალოგიური შინაარსის ვიდეო დევს. ასევე, ირკვევა, რომ სავარაუდო მოძალადეები მოზარდებს აშანტაჟებდნენ და დასახიჩრებით ემუქრებოდნენ.

სექსუალური ძალადობის შესახებ მტკიცებულებები შაბათის ფორმულას წყარომ მოიპოვა - გოგო, თავად ყრუთა თემს წარმოადგენს. მისი თქმით, მსხვერპლი მოზარდების ასაკი 7-დან 18 წლამდე მერყეობს, ხოლო სავარაუდო მოძალადეების 21-დან 50 წლამდე.

"არასრულწლოვანებთან თუ სექსუალური აქტი ჰქონდა დამყარებული ან სურათებს აგზავნინებდნენ, შემდეგ მათ ემუქრებოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერს მათ მშობლებს ეტყოდნენ და ხელახლა აღებინებდნენ ვიდეოებს. მოძალადეები ამ ვიდეოებს ერთმანეთს უგზავნიდნენ. ასევე სხვა ბავშვებს აჩვენებდნენ და იმავეს სთხოვდნენ... 3 ან 4 გაუპატიურებული გოგონაა. რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც გოგოებს შიშველ ფოტო ან ვიდეო მასალას აგზავნინებდნენ მოძალადესთან. ეს არ იყო ერთჯერადი დანაშაული, ეს ხდებოდა სისტემატურად. 10 თუ 12 მოქალაქისთვის მსხვერპლი გოგოების შესახებ ცნობილი იყო და მათთან ამყარებდნენ კონტაქტს. ერთმანეთისგან იგებდნენ ბავშვების შესახებ და შემდეგ შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ", - ამბობს რესპონდენტი ანონიმურობის დაცვის პირობით.

ყრუთა თემის წევრი ამბობს, რომ ძალადობა გოგონებზე 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და უარის მიღების შემიხვევა მოძალადე კაცები ბავშვებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ; ფარულად უღებდნენ და შემდეგ ამ კადრებით აშანტაჟებდნენ. მან პოლიციას მიმართა და ყველა მტკიცებულება გადასცა.

თბილისის რამდენიმე განყოფილებაში მსხვერპლი ბავშვების გამოკითხვა ერთდროულად  დაიწყო. პირველი დაზარალებული თემქის განყოფილებაში დაიბარეს. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ის 14 წლის იყო, როდესაც ასვე სმენადაქვეითებულმა კაცმა სახლში მოტყუებით მიიყვანა, სასმელი დაალევინა და გააუპატიურა. წყაროს თქმით, ამ დანაშაულის 2 ვიდეო მტკიცებულება არსებობს, რომელიც ახლა გამოძიების ხელშია. დაზარალებული ახლა 18 წლისაა, მაგრამ პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანების იკითხებიან.

თბილისის პარალელურად საჩივრები ქუთაისისა და ბათუმის პოლიციის სამმართველოებშიც შევიდა. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ პედოფილიის ფაქტები ყრუთა თემში ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, ქუთაისსა და თბილისში ხდებოდა. კერძოდ, დანაშაულები სოციალური ქსელის დახმარებით იგეგმებოდა, შემდეგ მათთვის სასურველ ქალაქებში არასრულწლოვანებს აკითხავდნენ და მათთან სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ.

ასევე, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ბათუმში 2 სავარაუდო მოძალადე უკვე იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი ამავე ყრუთა თემის წევრია. ის პოლიციის სამმართველოში გამოძიების დაწყებისთანავე დაიბარეს - კაცი ყველაფერს უარყოფს. მას ერთ-ერთი ვერსით ცოლის მეგობრის 8 წლის შვილის მიმართ გარყვნილ ქმედებას ედავებიან. ყრუთა თემის ცნობით კი, 32 წლის კაცი არასრულწლოვანებს ვიდეო ზარის დახმარებით გაშიშვლებას სთხოვდა და მათ სექსუალურად ავიწროებდა. პირი ბათუმში მშენებლობაზე მუშაობს.

კიდევ ერთ სავარაუდო მოძალადე უკვე დაკავებულია. ჩანაწერების მიხედვით, 38 წლის კაცი ბავშვებს სექსუალურად ავიწროებდა, მათ ვიდეო ჩანაწერებს კი სხვა სმენადაქვეითებულ კაცებს უგზავნიდა. თემიდან ამბის გამოჟონვისთანავე კაცი ბათუმიდან ქუთაისში, ლუკა მიქავას დაუკავშირდა. მიქავა, პირველი იყო ვინც სოციალურ ქსელში მოზარდების მიმართ, შესაძლო სექსუალურ ძალადობაზე ალაპარაკდა. იმ შემთხვევაში თუ არ გაჩუმდებოდა, 38 კაცი 17 წლის მოზარდს და შემდეგ კი მის მშობელს ყელის გამოჭრით დაემუქრა. მოზარდმა იჩივლა და სწორედ ასე მოხვდა საპატიმროში საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი.

სანდო წყარო სმენადაქვეითებული თემიდან, შაბათის ფორმულას უყვება, რომ დაკავებული კაცი ყრუთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის არაფორმალური მმართველის ქმარია და ის უკვე წლებია დანაშაულს საგანგებოდ მალავს.

დაზარალებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს და ამ დრომდე 11-ს აღწევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოზარდებზე შესაძლოს სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება გასულ კვირას დაიწყო. 30 ვიდეო მასალისა და ათობით ჩვენების მიუხედავად გარყვნილი ქმედების, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობისა და სხვა მძიმე მუხლით არცერთი პირი დაკავებული ამ დრომდე არ არის.


close დახურვა