92 წლის კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა.
"ეს მართლა იშვიათი შემთხვევაა, როცა შემიძლია, თავს უფლება მივცე, რომ მოგიწოდოთ - აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა, რომ უბრალოდ გადავრჩეთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს, ჩვენი ახლობლები, თუ გვინდა, რომ უბრალოდ კარგად ვიყოთ", - თქვა მან აცრის შემდეგ.
საქართველოში ორი ტიპის ვაქცინაა ხელმისაწვდომი - ფაიზერი და ასტრაზენეკა. ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ სამედიცინო მუშაკებსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 5 700-ზე მეტი ადამიანია აცრილი.