logo
ENG



კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს

24 ივნ 202312:13
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას "სისულელეს" უწოდებს

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის ინიციატივას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს. ამის შესახებ მან რუსეთში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს ისაუბრა და თქვა, რომ "ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია".

"ქვეყნის უსაფრთხოება არის დაცული, ყველაფერი არის დაცული - ამაზე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ზრუნავენ ჩვენი უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიას მითითება, ამასთან დაკავშირებით არ გვჭირდება. [საზღვრის ჩაკეტვა] სისულელეა, სისულელეზე კომენტარს არ გავაკეთებ", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე არ ამბობს, აპირებს თუ არა მთავრობა რუსეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას და აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებს "უნდა დააკვირდნენ".

დღეს პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს მოწვევისკენ და რუსეთთან საზღვრების დროებით ჩაკეტვისკენ მოუწოდა. გახარიას თქმით, საფრთხე რეალურია და მშვიდობის შენარჩუნებისთვის დროულად მოქმედებაა საჭირო.

23 ივნისს საღამოს კერძო სამხედრო დაჯგუფება ვაგნერის ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერის ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ბიზნესმენის თქმით, ვაგნერის რიგებში ბევრი მსხვერპლია და საპასუხო ზომებზე გადაწყვეტილებაა მიიღეს.

მან განაცხადა, რომ "ბოროტება შეჩერდება" და ყველა მსურველს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მისივე მტკიცებით, მის განკარგულების ქვეშ 25 ათასი მებრძოლია და ეს არა სამხედრო გადატრიალება, "არამედ სამართლიანობის მარშია". 

ბევრმა მისი განცხადება, სწორედ სამხედრო გადატრიალების მცდელობად აღიქვა, ხოლო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ევგენი პრიგოჟინის განცხადებების შემდეგ შეიარაღებული აჯანყების მოწოდების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

პრიგოჟინის სიტყვების დამოუკიდებლად გადამოწმება შეუძლებელია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს. უსაფრთხოების სამსახურმა შეიარაღებული აჯანყების მოწოდებაზე გამოძიება დაიწყო.

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის ღია კონფლიქტი რამდენიმე თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის გამართული ბრძოლების ფონზე, პრიგოჟინმა არაერთხელ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს.

პრიგოჟინმა ისინი საბრძოლო მასალის ნაკლებობასა და "რუსული მიწის" დათმობაში ადანაშაულებდა.


close დახურვა