logo
ENG



სააკაშვილი: უკრაინამ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა

05 ივლ 202316:35
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: უკრაინამ ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე ტყუის, როცა ამბობს, რომ უკრაინას მისი გადაცემა მოთხოვნილი არ აქვს - ის წერს, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ მოითხოვა.

"ამათთვის ტყუილების ლაპარაკი სუნთქვასავითაა. გუშინ თქვეს რომ თურმე უკრაინას არ აქვს მოთხოვნილი ჩემი გადაცემა. უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მოითხოვა ჩემი ექსტრადიციის პროცედურის დაწყება 4 თვის წინ და ეს დოკუმენტი უკრაინის კონსულმა
შემომიტანა მაშინ.

რაც შეეხება ევროკავშირის სამედიცინო მისიას, ამ მისიის დაუყოვნებლივ დაშვებას ითხოვს ევროკომისია, ჩემი ოჯახი და რამდენიმე წამყვანი ქვეყნის მთავრობა უმაღლეს დონეზე. და ის რომ ისინი დღემდე არ შემოუშვეს პირდაპირ ოლიგარქის და მისი მონების საბოტაჟის შედეგია", - წერს სააკაშვილი.

3 ივლისს სააკაშვილი პროცესს დისტანციურად დაესწრო. ვიდეოკადრებში ჩანდა მისი ფიზიკური მდგომარეობა - გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.

სასამართლო სხდომიდან გავრცელებული კადრების შემდეგ, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩანდა, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ კვლავ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით "მანიპულირებს". მისი განცხადებით, სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს სრულად ამ დრომდე არ ასრულებს.

იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდეგ უკრაინის მხარის მიერ გაკეთებული განცხადებები "სამწუხარო და მიუღებელია". მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ.

კადრების გავრცელების შემდეგ, სააკაშვილის ფიზიკურ მდგომარეობაზე შეშფოთება გამოხატეს საერთაშორისო მედიებმა. გამოცემები წერენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვიზუალურად შეცვლილია, რამაც ბევრში შეშფოთება გამოიწვია. ასევე, ისინი ყურადღებას ამახვილებენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ექსპრეზიდენტის უკრაინისთვის გადაცემა მოითხოვა - მან საქართველოს ელჩს შესთავაზა, რომ კონსულტაციებისთვის თბილისში ჩავიდეს.


close დახურვა