logo
ENG



გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეეფარდა

06 ივლ 202320:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/06/r3xawwpjosibbj2.png

თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს, რომელსაც პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის ფულის მითვისებას ედავება, აღკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს ქვეყნის დატოვებაც აეკრძალა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ახლახან გამოაცხადა. 

ბაჩიაშვილის თქმით, ის უდანაშაულოა, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე, 8 წლის შემდეგ რას უკავშირებს გამოძიების დაწყებას, ბაჩიაშვილმა თქვა, რომ თავადაც "გაოგნებულია". 

"ვარ აბსოლუტურად უდანაშაულო, არანაირი აქტი, რომელიც აქ იყო ნახსენები არ ჩამიდენია. შესაბამისად ბოლომდე დავიცავ ჩემს სიმართლეს. არ ვიცი, მეც გაოგნებული ვარ. როგორ შეიძლება, 8 წლის შემდეგ... ქვეყანაში ჩამოვედი 3 კვირის წინ, დატოვება რომ მდომებოდა, არ ჩამოვიდოდი საერთოდ" - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. 

პროკურატურა ბაჩიაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა. გარდა ამისა, ბრალდების მხარემ მისთვის პასპორტის ჩამორთმევა და ქვეყნის დატოვების აკრძალვა მოითხოვა.

ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ 2-3 კვირაა, მის მანქანას პოლიციის მანქანები დაჰყვებიან და უთვალთვალებენ.

დღეს, 6 ივლისს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.


close დახურვა