პარტია გირჩი აცხადებს, რომ 3 ივლისს პარლამენტში ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესზე პრეზიდენტის ვეტო დაძლევა ქართულმა ოცნებამ გააყალბა და დაძლევას სინამდვილეში მხარი არა 78-მა, არამედ 73-მა დეპუტატმა დაუჭირა.
გირჩის ცნობით, პარლამენტის სხდომის ვიდეო ჩანაწერების ნახვის შემდეგ დაადგინეს, რომ კენჭისყრას არ ესწრებოდა ოცნების 5 დეპუტატი და მათ ნაცვლად ვეტოს დაძლევას ხმა სხვა დეპუტატებმა მისცეს.
ეს დეპუტატები არიან:
- გივი ჭიჭინაძე
- ბექა ოდიშარია
- დიმიტრი სამხარაძე
- ლევან კობიაშვილი
- კახა კახიშვილი
გირჩის წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, რეგლამენტის თანახმად ხმები ხელახლა უნდა გადათვლილიყო მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სხდომა გააგრძელა.
რაქვიაშვილის თქმით, შედეგად არალეგიტიმური საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს.
"რეგლამენტის თანახმად იქვე უნდა მომხდარიყო გადათვლა. არ იყო არანაირი ოფცია, რომ რაღაც სხვა გაეკეთებინა პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც მან უარი თქვა და გააგრძელა სხდომა, სამწუხარო იყო, რომ მთელმა ოპოზიციამ დააიგნორა. ის კი არა, რომ სხვა ოთახში გავიდნენ, პარლამენტში არ იყვნენ ეს ხალხი. ამიტომ ქართული ოცნება ვერც კი შეძლებდა ამ ხალხის მობილიზაცია მოეხდინა და, ეჩვენებინა, რომ იქ 76 ხმა არის. ფაქტობრივად, არალეგიტიმურად მოხდა ეს პროცესი და ამ მომენტისთვის სრულიად არალეგიტიმური საარჩევნო კანონმდებლობა გვაქვს." - განაცხადა რაქვიაშვილმა მთავარ არხთან ინტერვიუში.
საპარლამენტო უმრავლესობამ საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია.
***
ქართული ოცნების ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს პრეზიდენტი ვეღარ შეარჩევს - მის ნაცვლად, კანდიდატების შერჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.
ამასთან, იცვლება ცესკოს წევრების არჩევის წესიც - კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ ცესკოს 7 წევრს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო 26 ივნისს დაადო. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა.