თბილისი პრაიდის წევრებმა პარლამენტთან მოძალადე პრორუსების მიერ ფესტივალის ტერიტორიაზე დამწვარი და განადგურებული ნივთები მიიტანეს.
პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ კვარაცხელია ფორმულასთან ამბობს, რომ ეს არის დარბევის მტკიცებულება. მისი თქმით, გუშინ რაც მოხდა, ალტ-ინფოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის კოორდინირებული მოქმედება იყო.
"დღეს საქართველოს პარლამენტთან მოვაწყვეთ აქცია-პერფორმანსი. კერძოდ, ფესტივალის ტერიტორიიდან, რომელიც გუშინ დაარბიეს, წამოვიღეთ დამწვარი და განადგურებული ნივთები, დარბევის მტკიცებულებები, ჩვენი ნივთები, ჩვენი ქონება, რომელიც უნდა ყოფილიყო ჩვენი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, რაც არის ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული, ფუნდამენტური უფლება, მაგრამ გადაგვიარეს ულტრამემარჯვენე, პუტინთან და რუსეთთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა.
ეს არ იყო მხოლოდ ალტ-ინფო, ეს იყო შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალტ-ინფოს შორის. მათ მოგვატყუეს, როდესაც ყოველ შეხვედრაზე გვაძლევდნენ სრულ გარანტიებს დაცვის, გამოგვიყენეს, ჩვენს სიცოცხლეებს საფრთხე შეუქმნეს, ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე შეგვიქმნეს და რაც მთავარია, პოპულისტური, სამარცხვინო ქმედებებით კიდევ ერთხელ სცადეს ქულების დაწერა", - თქვა კვარაცხელიამ.
გუშინ, 8 ივლისს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება - ფესტივალი უნდა გამართულიყო, თუმცა ტერიტორიაზე მოძალადე ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ და დახურულ შეხვედრებზე გაცემული პირობის მიუხედავად, პოლიციამ გამოხატვის თავისუფლება და ტერიტორია მოძალადეებისგან არ დაიცვა.