შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდფესტის ჩაშლისას "უშუალო მიზანი დაიცვა და ღონისძიებაზე არავინ დაშავდა". ეს განცხადება მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
კუპატაძე ამტკიცებს, რომ შსს მაქსიმალურად ეცადა, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასეწვე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მისივე მტკიცებით, ღონისძიების უსაფრთხოებისთვის "მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი".
"მობილიზებული იყო შსს-ს თითქმის ყველა დანაყოფი, 3 000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, მეც ვიღებდი ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. იქ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
შესაბამისად, მოვიდა ძალიან დიდი რაოდენობის ადამიანი, კონტრაქციის წარმომადგენლები, გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე და ვინაიდან ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო და ეს ადამიანები ცდილობდნენ კორდონებისთვის აექციათ გვერდი და მიეღწიეთ ლოკაციამდე, სადაც ეს ღონისძიება ტარდებოდა.
ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ პრაიდის მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბედნიეროდ, ჩვენი უშუალო მიზანი რაც იყო და მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა", - განაცხადა კუპატაძემ.
***
8 ივლისს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.