უკრაინის ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც "უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო" და მას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
როგორც არახამია Facebook-ზე წერს, ღარიბაშვილი მსგავსი განცხადებებით ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობს.
"საქართველოს პრემიერმინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი ქართული ოცნების მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა", - წერს დავით არახამია.