logo
ENG



ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას და პეტერბურგთან ფრენებს აანონსებს

23 ივლ 202315:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/23/42krbt81rz174d5.jpg
ფოტო: დიმიტრი ლორთქიფანიძე

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნას და სანქტ-პეტერბურგთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აანონსებს.

ამის შესახებ ლორთქიფანიძემ სეზონი ტვ-ის ეთერში 19 ივლისს ისაუბრა.

მისი თქმით, 3-7 ივლისს პეტერბურგში რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრა "მთელი რიგი მიმართულებებით ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა" და მალე, მათ შორის, შეძლებენ ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნაზე მსჯელობის დაწყებას.

"ძალიან მალე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნის შესახებ. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, სექტემბერი-ოქტომბრის მიმართულებით განსახილველი საკითხებია." - განაცხადა ლორთქინაფიძემ.

ლორთქიფანიძის თქმით, მოლაპარაკებების შედეგად, მალე თბილისსა და პეტერბურგს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება და ფრენებს Georgian Airways შეასრულებს.

"მათ შორის ძალიან მალე აღდგება თბილისსა და პეტერბურგს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა. ჩვენ შევძელით და დავაკავშირეთ Georgian Airways პეტერბურგის მთავრობას." - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

დიმიტრი ლორთქიფანიძის ცნობით, შეხვედრა 3-7 ივლისს რუსეთში, პეტერბურგის ოლქის დაბა ლოსევოში შედგა შეხვედრა და მას რუსეთის მხრიდან "ფედერაციის აკადემიური წრეების წარმომადგენლები" და განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები ესწრებოდნენ.

საქართველოს მხრიდან, კი ლორთქიფანიძის გარდა პეტერბურგში იმყოფებოდნენ: თამარ კიკნაძე, თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, გიორგი მდივანი, გიორგი უხურგუნაშვილი, ანა ხოტივრიშვილი და სტუდენტები, ვინც განათლებას რუსეთში იღებენ.

განათლების ექსპერტები საქართველოში რუსული უნივერსიტეტის გახსნას პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ.

სიმონ ჯანაშია აცხადებს, რომ ყველა იმ ქვეყანაში სადაც რუსეთს უნივერსიტეტები აქვს ეს დაწესებულებები რუსული პოლიტიკის დასაყრდენია და მისი პროფესურა და სტუდენტები ამავე ქვეყნებში პრორუსული პოლიტიკის გამტარები ხდებიან.

"მგონი ძალიან პრობლემურია აქ რუსული უნივერსიტეტის გახსნა, იმიტომ რომ ყველა იმ ქვეყანაში სადაც არსებობს მსგავსი უნივერსიტეტი, ეს არის რუსეთის პოლიტიკის დასაყრდენი... მაგალითად ჯერ ხდება ხალხის შერჩევა, მათთვის ხელფასის გადახდა, მერე იქ მიღებული განათლების მქონე ადამიანები ემსახურებიან რუსეთის ინტერესს, მათ ხელფასს უხდის რუსეთი და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად შუა აზიის ზოგიერთ ქვეყნებშია მსგავსი მოდელი, სწორედ ის პროფესურა და სტუდენტები, ვინც ამ უნივერსიტეტებს ამთავრებენ შემდეგ არიან ამ პრორუსული პოლიტიკის გამტარები" - განაცხადა სიმონ ჯანაშიამ.

განათლების ექსპერტის რეზო აფხაზავას თქმით, რუსეთი დღესაც, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, განათლებას "იდეოლოგიური ზეგავლენის ინსტრუმენტად იყენებს" და მტერ სახელმწიფოსთან ამგვარი შეთანხმება "კოლაბორაციონისტების" მხრიდან კიდევ ერთი "მოღალატეობრივი ნაბიჯი" იქნება.

პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ 2013 წელს შეიქმნა. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა. 

ალექსნდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი ევროკავშირის სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში 2022 წლის 21 ივლისიდანაა. ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც ევროკავშირის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.

ევროკავშირის ცნობით, ორგანიზაცია 2010 წელს დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის დამაარსებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელია.

ევროკავშირის სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს გორჩაკოვის ფონდს, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებს აფინანსებს.

„გორჩაკოვის ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის კომპატრიოტებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომლებიც კრემლის იდეოლოგიურ ობიექტებს წარმოადგენენ. გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტები რუსეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს“ - აცხადებს ევროკავშირი.

10 სექტემბერს ნინო ბურჯანაძის პარტია გაერთიანებული დემოკრატების ყოფილმა წევრმა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო.

ლორთქიფანიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბანკმა ანგარიშები დაუხურა.

TBC ბანკმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დახურა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც სანქცირებულთა სიაშია.

ბანკის ცნობით, მათ ფიზიკური პირის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ანგარიში არ დაუხურავთ. TBC-ის თქმით, ფაქტი, რომ იურიდიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაშია, ანგარიშის დასახურად საკმარისი საფუძველია.

TBC ბანკმა არ დაასახელა იმ ორგანიზაციის სახელი, რომლის ანგარიშიც სანქცირებულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დახურა.

სავარაუდოდ, საუბარია პრიმაკოვის ფონდზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული გორჩაკოვის ფონდის მიერაა შექმნილი. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორი 2013 წლიდანაა. 


close დახურვა