logo
ENG



პრეზიდენტი: ჯანდაცვის, საავტორო უფლებების კანონებს ვეტოს არ ვადებ, თუმცა კითხვებს ბადებს

26 ივლ 202313:15
3 წუთის საკითხავი
 
პრეზიდენტი: ჯანდაცვის, საავტორო უფლებების კანონებს ვეტოს არ ვადებ, თუმცა კითხვებს ბადებს

კითხვების არსებობის მიუხედავად პრეზიდენტმა ჯანმრთელობის დაცვის შესახებ და საავტორო უფლებების შესახებ კანონებში შეტანილ ცვლილებებს ვეტო არ დაადო.

"ამ ორივე დარგის წინაშე არსებული გამოწვევებისა და ახალი საჭიროებების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება არ გამოეყენებინა ვეტოს უფლება იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონში შეტანილი ცვლილებები გარკვეულ კითხვებს ბადებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ჯანმრთელობის დაცვის კანონში შეტანილი ცვლილებები სექტორში ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესაძლო რისკების შემცირებას და ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებას ემსახურება, ორივე მიზანი მისასალმებელია და არა სადავო, თუმცა სექტორის კონტროლის გახშირება და გამკაცრება შეიძლება საქმიანობის შემაფერხებელი აღმოჩნდეს:

"სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე არაგეგმიური კონტროლის ჩატარება და გახშირებული გეგმიური კონტროლი ადმინისტრაციულ ზედამხედველობას გარკვეულ ბერკეტს აძლევს, რომ თუ მოისურვა, სექტორზე გავლენა მოახდინოს. ამდენად, საჭირო იქნება, რომ ამ ახალი მექანიზმების აღსრულების პირობებს დიდი ყურადღება მიექცეს, რათა არ მოხდეს კანონის შერჩევითი გამოყენება და ცვლილებებმა საფრთხე არ შეუქმნას ჯანდაცვის სექტორის სრულფასოვან და დამოუკიდებელ საქმიანობას".

საავტორო უფლებების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით კი, პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი მიღებით კანონმდებლობა ევროსტანდარტებს დაუახლოვდება, რადგან ის გარკვეულწილად, ავტორების უფლებების დაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

"თუმცა, ცვლილებების შედეგად ჩნდება რისკი და ალბათობა, რომ ამ სივრცეში ექსკლუზიური ადგილი ისეთმა ორგანიზაციამ დაიმკვიდროს, რომელიც უშუალოდ რუსეთის სათავო კომპანიას დაექვემდებარება, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ეს სქემა ქვეყნისთვის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს: ეს მექანიზმი შესაძლოა, რუსეთის ხელში ინსტრუმენტი გახდეს, რათა ფინანსური ბერკეტების კონტროლით, საკუთარი რბილი ძალა და გავლენა გააძლიეროს იმ შემოქმედებით და ინტელექტუალურ სექტორზე, რომელიც პრინციპში, ყველაზე თავისუფალი და მიუკერძოებელი უნდა იყოს", - აღნიშნულია განცხადებაში.

პრეზიდენტი დასძენს, რომ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ცვლილებების ავტორებს, ხელისუფლებასა და ამ ცვლილებების მხარდამჭერებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ყველა ეს საფრთხე.


close დახურვა