logo
ENG



იშვიათი დაავადებების საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცდა

26 ივლ 202318:21
3 წუთის საკითხავი
 
იშვიათი დაავადებების საბჭოზე აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დამტკიცდა
ფორმულა/ვახო ქარელი

იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოზე გაიდლაინების ეროვნულმა საბჭომ აქონდროპლაზიის ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.

აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრის, ივანე ჩხაიძის თქმით, პროტოკოლმა გერმანელი ექსპერტებისგან მაღალი შეფასება მიიღო.

ჩხაიძის თქმითვე, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური საკითხები, თუ როგორ უნდა მოხდეს ვოზორიტიდის დანერგვა.

საბჭოს წევრები მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ 2023 წელს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები მკურნალობაში ჩაერთვებიან.

ივანე ჩხაიძის თქმით, პირველ ეტაპზე მკურნალობაში ჩაერთვება 5-6 ბავშვი, რომლებსაც ასაკის გამო ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ მათზე პრეპარატმა ეფექტურად იმოქმედოს.

"მედიკამენტის პირველი დოზების მიღება მოხდება არა პაციენტის მიერ სახლში, არამედ კლინიკაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან ამ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები. შერჩეული იქნა ერთი კლინიკა საქართველოში - ეს არის იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო იმიტომ, რომ ამ პროტოკოლის დანერგვას და პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა.

ასევე, განისაზღვრა, რომ პირველი პერიოდი, იქნება ეს ორი კვირა თუ ერთი თვე, პაციენტებს მედიკამენტი გაუკეთდებათ კლინიკაში და დარჩებიან მინიმუმ ერთი საათი იმიტომ, რომ ის გვერდითი მოვლენა, წნევის ვარდნა, რომელიც ამ პრეპარატის გვერდით მოვლენებში განხილულია როგორც ყველაზე სერიოზული [გვერდითი მოვლენა], აუცილებლად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას"- თქვა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მკურნალობის მეორე ეტაპზე უკვე ჩაერთვებიან სხვა ბავშვები.

"ბავშვების რაოდენობა პირველ ეტაპზე განისაზღვრა 5-6 ბავშვი, ჩვენ პირველ რიგში, აქცენტი გავაკეთეთ იმ ბავშვებზე, რომელთაც ასაკის გამო აქვთ ყველაზე ნაკლები პერიოდი დარჩენილი მანამ, სანამ ამ პრეპარატს მოქმედების ეფექტი ექნება. ეს იქნებიან 11-12-13 წლის ასაკის. შემდეგში მეორე ეტაპზე უკვე მოხდება სხვა ბავშვების ჩართვა. პროცესი განსაზღვრულია 2023-2024 პროგრამასთან დაკავშირებით. თარიღი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა პირველ ეტაპზე ბავშვები ჩაერთვებიან 2023 წელს, აუცილებლად წლის ბოლომდე. თარიღი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება მოლაპარაკება მწარმოებელთან ვადებთან დაკავშირებით"- თქვა ჩხაიძემ.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობლის, მაკუნა გოჩიაშვილის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ისაუბრეს სხვადასხვა პროცედურების ვადებზე.

"მთავარია პროცესი დაიძრას და ბავშვებმა, ვისაც ყველაზე მეტად ეჩქარება, უკვე დაიწყონ მკურნალობა და შემდეგ ჩაეშვება შემდეგი დოზებიც. სავარაუდოდ, ჯერ თინეიჯერებს და რთული ფორმა ვისაც აქვს იმ ბავშვებს შეეხება. ჩემი შვილი 2024 წლიდან დაიწყებს მკურნალობას. ეს ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია მედიკამენტი შემოდის ქვეყანაში. დღევანდელი სხდომიდანაც საკმაოდ კმაყოფილი გამოვედი და მეტი დეტალი გავიგეთ. ბატონმა ზაზა ლომინაძემ გააჟღერა, რომ შემოდგომას არ გასცდება [მედიკამენტის შემოტანა]. ქალბატონმა თამარმა გააჟღერა, რომ ვადებზე საუბარი ზოგადად არასერიოზულია მისი მხრიდან იმიტომ, რომ სხვადასხვა პროცედურებზეა დამოკიდებული. სხვადასხვა პროცედურების ვადები ცალ-ცალკე ითქვა, პატარ-პატარა პროცედურების ვადებზე ისაუბრეს, რაც დაჯამებულად ჩვენთვის ხელსაყრელი დრო გამოდის"- თქვა მაკუნა გოჩიაშვილმა.

პროტესტის შემდეგ მთავრობამ აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში დაამატა. 

მშობლები ამ დრომდე ელიან ქვეყანაში აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის შემოტანას, ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებიც გაიმართა. მოგვიანებით აქციები შეწყდა და მშობლესა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები დაიწყო.

აქონდროპლაზია

იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას.

მედიკამენტ ვოზორიტიდს შეუძლია დაეხმაროს აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებს. ამ მედიკამენტით ამერიკასა და ევროპაში უკვე სარგებლობენ.

ის ბოჭავს სპეციფიკურ რეცეპტორს, რომელსაც ეწოდება ნატრიურეზული პეპტიდური რეცეპტორ-B, რომელიც ამცირებს ზრდის რეგულაციის გენის აქტივობას და ასტიმულირებს ძვლის ზრდას.

კომპანია BioMarin, რომელმაც შექმნა წამალი ვოზორიტიდი და რომლის მედიკამენტიც VOXZOGO (vosoritide) დადასტურებულია, როგორც ამერიკის სურსათისა და წამლის სააგენტოს (FDA)-ის ასევე ევროკავშირში სამედიცინო პროდუქტების ზედამხედველის - ევროპის მედიცინის სააგენტოს (EMA) მიერ, წამლით 1-წლიანი მკურნალობის საშუალო ფასად 2021 წელს $300 000 დოლარს ასახელებდა.


close დახურვა