logo
ENG



"არა გარუსების პოლიტიკას!" - ბათუმსა და თბილისში სოჭიდან კრუიზის შემოსვლას აპროტესტებენ

27 ივლ 202320:21
3 წუთის საკითხავი
 

"არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი!" - ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია იმართება.

პარალელურად აქცია იმართება თბილისში, პარლამენტის შენობასთან.

ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემია გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ თან აქვთ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს", რამაც რამდენიმე რუსი ტურისტი გააღიზიანა კიდეც. 

აქტივისტი, ლუკა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ბათუმის პორტში დღეს საქართველოს ღირსების დასაცავად შეიკრიბნენ და საქართველოში ჩამოსულმა რუსმა ტურისტებმა ქვეყნის ღირსება შელახეს, როცა თქვეს, რომ 1993 წელს რუსეთი აფხაზეთს საქართველოსგან იცავდა.

"დღეს ყველა აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ეროვნული ღირსება პირველივე კრუიზის ჩამოსვლაზე, პირველივე სტუმრებმა ჩვენი ეროვნული ღირსება შელახეს იმით, რომ თქვეს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის და აფხაზეთს 93-ში იცავდნენ ჩვენგან. ჩვენ დღეს ვიცავთ ყველა იმ გმირის სახელს და ყველა იმ დედის ღირსებას, ვინც გაზარდა მებრძოლი შვილი და შემდეგ დაიღუპა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - განაცხადა ლუკა ნაცვლიშვილმა.

ფორმულამ დღის მანძილზე რამდენიმე სხვადასხვა რუს ტურისტს ჰკითხა, მიაჩნიათ თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქის თქმით, აფხაზებმა "თავად გადაწყვიტეს რუსეთში ეცხოვრათ" და ის მომხრეა "აღდგეს საბჭოთა კავშირი".

"რა ტერიტორიის ოკუპაცია მოხდინა რუსეთმა? აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის? არ ვიცი, არ ვიცოდი, მეგონა აფხაზმა ხალხმა თავად გადაწყვიტა სად ყოფილიყვნენ, ხომ საკუთარი ადმინისტრაცია აქვთ, ხომ არის რაღაც ერი? თვითონ გადაწყვიტეს, რუსეთში ეცხოვრათ. არ ვიცოდი, რუსეთმა თუ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, მათ ხომ თავისი პრეზიდენტი ჰყავთ. უბრალოდ შვებულების გასატარებლად ჩამოვედი, ციმბირიდან ვარ, იქ ცივა, სითბოში მინდოდა ყოფნა. ეს პოლიტიკური თამაშებია, ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ - ეს ჩვენ არ გვეხება. არავინ გვეკითხება ამაში მონაწილეობას ვაპირებთ თუ არა. თუ მეკითხებით, ვარ თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე, დიახ, ვარ" - განაცხადა რუსმა ტურისტმა.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელმაც მოგზაურობა სოჭის პორტიდან დაიწყო, ბათუმის პორტში დილის 5 სააათზე შემოვიდა.

ლაინერს სხვებთან ერთად რუსი ტურისტებიც გადაჰყავს. ის აჭარაში მთელი დღით დარჩება.

ტურისტებს ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობენ.

კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

22 ივლისს საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. 

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი.

 Astoria Grande-ს ვებსაიტის მიხედვით, ის მორიგ "ვარსკვლავურ" ტურს 29 ივლისს დაიწყებს. ამ შემთხვევაში Astoria Grande-ს მარშრუტია: სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. 

 

close დახურვა