logo
ENG



მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექცია შენობის რემონტისთვის 310 000 ლარს ითხოვს

28 ივლ 202317:11
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ინტერესების სექცია მოითხოვს 310 000 ლარს იმისთვის, რომ საელჩოს ყოფილი შენობა რუსეთში დაჩქარებული წესით გარემონტდეს და მოწესრიგდეს. მოსკოვში, საქართველოს საელჩოს ყოფილ შენობაში, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდგომ დღემდე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია მოქმედებს. სწორედ ეს სექცია არის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამკვეთი.

მოთხოვნა 25 ივლისით თარიღდება და გამარტივებულია ხასიათისაა, რაც ნიშნავს, რომ ხელშეკრულება პირდაპირ იმასთან გაფორმდება, ვისაც დამკვეთი ისურვებს.

დოკუმენტაციიდან ჩანს, რომ შენობაში საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მოსაცდელი და მისაღები სივრცეების მოეწყობა, მოწესრიგდება უსაფრთხოების საკითხები, სველი წერტილები, შიდა კედლები, საკანალიზაციო და სადრენაჟო სისტემა. მთავარი არგუმენტი რის საფუძველზეც დამკვეთი შენობის რეაბილიტაციისთვის თანხას ითხოვს შენობის სტატუსია. მოსკოვის ცენტრში, მალი რჟევსკის 6 ნომერში მდებარე შენობა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

"რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის შენობა არის საქართველოს საკუთრება და ამასთანავე ატარებს რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს. რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული სტატუსის მქონე ობიექტების მოვლასა და რეაბილიტაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ობიექტის მფლობელს.

აუცილებელია სექციის შენობებისა და მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. სექციის შენობაში არსებული საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მოსაცდელი და მისაღები სივრცე აუცილებელია მოეწყოს უსაფრთხოებისა და საკონსულო მისაღებისათვის არსებული ნორმების შესაბამისად", - განმარტებულია ტენდერის დოკუმენტაციაში.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები ამბობენ, რომ არც კულტურული, არც ეკონომიკური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით ბიუჯეტის ფულის ხარჯვას რუსეთში გამართლება არ აქვს და მიანიშნებს ქვეყნისთვის დამაზიანებელ გეგმაზე, რომელიც ხელისუფლებამ ჩაიფიქრა - აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.

თუ შესყიდვების სამსახური სექციის მოთხოვნას დაადასტურებს, მაშინ ახალგარემონტებული შენობა საქართველოს მოსკოვში 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე ექნება.

ტელეკომპანია "ფორმულა" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა უწყებიდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.


close დახურვა