logo
ENG



აბიტურიენტის მშობელმა, რომელსაც NAEC-მა დამატებით გამოცდა არ დაუნიშნა, შიმშილობა დაიწყო

02 აგვ 202314:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/02/5x69lnn0imenjky.png

აბიტურიენტის მშობელმა, ინგა ბაშიროვმა, რომლის შვილსაც NAEC-მა დამატებითი გამოცდის დანიშვნაზე უარი უთხრა, შიმშილობა დაიწყო. 

მშობელი აცხადებს, რომ შიმშილს გააგძელებს მანამდე, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თანამდებობას არ დატოვებს.

ფორმულასთან ინტერვიუში ბაშიროვი ამბობს, რომ იგი გამოიყენებს "თავის ბოლო, სიცოცხლის უფლებას" და პროტესტს გააგრძელებს მანამ, სანამ ამ "თაღლითობაზე" პასუხს არ მიიღებს.

აბიტურიენტის მშობელი Facebook გვერდზე წერს, რომ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.

"მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის რობოტი დირექტორი არ დატოვებს თანამდებობას. ამასთან დაკავშირებით მივმართე საქართველოს პრეზიდენტს. ასევე ვთხოვ ყველა ქვეყნის საელჩოს მისცენ ჩემს შვილს საშუალება იცხოვროს ისეთ ქვეყანაში სადაც მისი მკურნალობის და განათლების მიღების უფლება არ დაირღვევა", - წერს აბიტურიენტის მშობელი.

ცნობისთვის, ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აცხადებს, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

საქმე ეხება აბიტურიენტს, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა. მას ჰქონდა კბილის მწვავე ტკივილი და ჩაუტარდა რთული ოპერაცია, რამაც გამოიწვია გართულება.

ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 საათში მიიღო განჩინება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დაშვება ისტორიის დამატებით გამოცდაზე. PHR-ში აცხადებენ, რომ 28 ივლისს ცენტრს სასამართლო განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულების მიზნით მიმართეს. თუმცა 2 აგვისტოს ცენტრმა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ ისტორიის დამატებითი გამოცდა 25 ივლისს ჩაატარა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წერილში, რომელიც აბიტურიენტის დედამ მიიღო, აღნიშნულია, რომ დამატებითი ტესტირების ჩატარების მოთხოვნა შესაძლებელია სამ შემთხვევაში: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო; ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო; დაუძლეველი ძალის გამო.

როგორც ცენტრი აღნიშნავს, აბიტურიენტის გარემოება არ ითვალისწინებს გამონაკლისს, რადგანაც ის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამის განმავლობაში არ იმყოფებოდა


close დახურვა