შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი აბიტურიენტისათვის დამატებითი საგამოცდო სესიის ჩატარებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
"სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რომ აბიტურიენტებისათვის დამატებითი სესიების დანიშვნის თაობაზე ცენტრმა იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ისტორიის საგანში ერთიანი ეროვნული გამოცდა ჩატარდა 17 და 18 ივლისს. 18 ივლისს ცენტრში წარმოდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის განცხადება, რაზეც ცენტრმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 21 ივლისის წერილით მოითხოვა ხარვეზის გამოსწორება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრს არ დაურღვევია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესი და ვადა.
დროებითი განჩინების გამოტანის მოთხოვნით აბიტურიენტმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა 2023 წლის 27 ივლისს, ხოლო აღნიშნული განჩინება ცენტრში წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 28 ივლისს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ცენტრის განცხადებით, ყველა აბიტურიენტი, რომელმაც მათ მიმართა და "კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს" აკმაყოფილებდა, დამატებით გამოცდაზე დაუშვეს.
"აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას აღესრულებინა 28 ივლისს შემოსული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ისტორიის საგანში დამატებითი სესია დაინიშნა და ჩატარდა 2023 წლის 25 ივლისს და ამ სესიაზე გამოყენებული ტესტური დავალებები უკვე გამოქვეყნებული იყო ცენტრის ვებგვერდზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ცენტრმა გაასაჩივრა სასამართლოს დროებითი განჩინება და დეტალურად განმარტა გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით (შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კიდევ ერთხელ ჩაატაროს დამატებითი სესია) ცენტრი აცხადებს, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში რეკომენდაციის შესრულებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", - აღნიშნავენ ცენტრში.
დღეს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და კანონშეუსაბამოდ მიიჩნია NAEC-ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი აბიტურიენტი დამატებით გამოცდაზე არ დაუშვეს. კერძოდ, საუბარია აბიტურიენტზე, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემის გამო ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე ვერ გამოცხადდა.
ომბუდსმენმა რეკომენდაციით მიმართა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს და აბიტურიენტისთვის დამატებითი გამოცდის დაუყოვნებლივ დანიშვნა მოითხოვა.