logo
ENG



კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს

19 აგვ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 
კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს

კულტურის სამინისტრო ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრის შესახებ აუდიტის დასკვნის შედეგებს ასაჯაროებს. სამინისტროს განცხადებით, აუდიტმა ცენტრში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს ხარვეზები ადასტურებს "კონტროლის ნაკლოვანებასა და კანონმდებლობასთან შეუსაბამობას" და რომ ცენტრი არაერთი წელია "არაკომპეტენტურად იმართება".

კვლევით ცენტრში კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური გელათის მონასტერთან დაკავშირებული კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შევიდა. სამინისტრო უარყოფს ბრალდებებს, რომ აუდიტის ჩატარება კონტროლის დამყარებასა და სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევას ისახავს მიზნად.

მოცემული აუდიტორული დასკვნა სამინისტროს მიერ ასევე წარდგენილ იქნა სასამართლოში, სადაც კვლევითი ცენტრი სამინისტროს უჩივის.

აუდიტორილი შემოწმება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. სამინისტრო დასკვნის ძირითად მიმგენებს ასაჯაროებს:

  • "2015 წლიდან 2019 წლის დეკემბრამდე, კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭო შედგებოდა 11 წევრისაგან, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა "მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ" საქართველოს კანონთან, რომლის თანახმად, კვლევით ცენტრს ევალებოდა სამეცნიერო საბჭოში ჰყოლოდა 26 წევრი. მიუხედავად ამისა, სამეცნიერო საბჭოს ამგვარი, კანონთან შეუსაბამო შემადგენლობა კვლევითი ცენტრის სახელით იღებდა უკანონო გადაწყვეტილებებს და არავითარ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე;
  • 2022 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო საბჭოს ზოგიერთ სხდომას ესწრებოდა მხოლოდ 12 წევრი (26 წევრიდან), რაც სამეცნიერო საბჭოს არ აძლევდა უფლებას, მიეღო გადაწყვეტილებები. ცენტრის დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომის მონაწილე სამეცნიერო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტმა. მიუხედავად ამისა, მოცემულ სხდომებზე, არაუფლებამოსილი სამეცნიერო საბჭო მაინც მსჯელობდა და, კანონის საწინააღმდეგოდ, იღებდა გადაწყვეტილებებს კვლევითი ცენტრის სახელით, რომელიც, შეგახსენებთ, სახელმწიფო ორგანიზაციაა; [...]
  • 2019-2020 წლებში, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, ცენტრს, სავარაუდო შემსყიდველის დადგენის მიზნით, საერთოდ არ ჩაუტარებია ბაზრის კვლევა, ხოლო 2021-2022 წლებში ჩაატარა მხოლოდ ნაწილობრივ, რაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევაა;
  • შესამოწმებელ პერიოდში, ცენტრის მიერ რამდენჯერმე ტენდერი გამოცხადდა და განხორციელდა ბაზრის კვლევის გარეშე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური, რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის პრინციპს;
  • ერთ შემთხვევაში, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ საკვალიფიკაციო პირობებთან შეუსაბამობის გამო, ცენტრის მიერ უნდა მომხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, რაც კანონის პირდაპირი მოთხოვნაა. ამის ნაცვლად, ცენტრმა პრეტენდენტი გამოაცხადა ტენდერში გამარჯვებულად და ამგვარად, კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები; [...]
  • ცენტრის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების სხვადასხვა შემთხვევაში, ვერ ხერხდება დადგენა იმ სტუმრების, რომლებმაც ისარგებლეს სხვადასხვა მომსახურებით (სასტუმრო, კვება და სხვ.); ამ წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით არ არსებობს ცენტრის დირექტორის ბრძანება და არ დგინდება მომსახურების პერიოდი და ადგილი;
  • საანგარიშო პერიოდის არც ერთ წელს, ცენტრის მიერ არ ყოფილა დაცული საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული, საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ყოველწლიურად ჩატარების წესი;
  • ცენტრში დამკვიდრებულია უკანონო პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ცენტრის მიერ მიღებული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში საგრანტო თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა საგრანტო პროექტის მონაწილე პირებს გადაეცემათ პირად საკუთრებაში. მოცემული ქმედება, რომელსაც სისტემატური ხასიათი აქვს, შეიცავს სახელმწიფო ორგანიზაციის ქონების პირადი მიზნებისათვის გამოყენების ცალსახა ნიშნებს;
  • შესამოწმებელ პერიოდში წიგნადი ფონდის ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა. ცენტრში პირველადი სააღრიცხვო ჟურნალები წარმოებულია არასწორად, ხარვეზებით (ჟურნალებში ჩანაწერები გადასწორებული და გადახაზულია), ვერ ხერხდება ჟურნალების ჩანაწერებისა და ადგილობრივი ფონდის ერთმანეთთან შედარება. ამის გამო, შეუძლებელია დადგინდეს, არის თუ არა რაიმე დანაკლისი, რაც ცენტრში მიმდინარე აღრიცხვისა და კონტროლის ნაკლოვანებაა".

რა ეწერა ჩუბინაშვილის კვლევითი ცენტრის დასკვნაში

გელათის შესახებ ჩუბინაშვილის ცენტრმა ანგარიში 30 იანვარს გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში წერია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განაცხადა, რომ გელათზე ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია მათი თხოვნით და "აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს". 


close დახურვა