logo
ENG



"გვჭირდება დაფიქრება, ეს მოვლენები შემთხვევითობაა, თუ გულგრილობის შედეგი" - ზურაბიშვილი

09 სექ 202300:08
3 წუთის საკითხავი
 
"გვჭირდება დაფიქრება, ეს მოვლენები შემთხვევითობაა, თუ გულგრილობის შედეგი" - ზურაბიშვილი
ვახო ქარელი/ფორმულა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გურიაში მომხდარ სტიქიასა და კინოფირების საცავში გაჩენილ ხანძარს ეხმაურება - მისი თქმით, მაშინ, როცა გვჭირდება დაფიქრება, ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ გულგრილობის შედეგია, "ერთმანეთის გაუტანლობას ვაგრძელებთ". ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"მძიმე დღე-ღამე დაგვიდგა: გურიაში სტიქიის ზონაში დაღუპული ბავშვები და კიდევ ერთი სიტყვის მიღმა დარჩენილი ტრაგედია! სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, ახლობლებს, და ჩვენ საზოგადოებას. არქივში გაჩენილი ხანძარი სხვა კუთხით მტკივნეულ იარებს აღვივებს - წარსულისა და მეხსიერების დაკარგვის შიშს აჩენს ჩვენში.

ამ დროს კი, როცა გვჭირდება ყველაზე მეტად დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად ეს ტრაგიკული მოვლენები შემთხვევითობას მიეკუთვნება, თუ პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენ საქციელს, მოუმზადებლობას, ქვეყნისა და ადამიანების მიმართ გულგრილობის შედეგია… ვაგრძელებთ ძველებურად - ბოღმა, სიძულვილი, ერთმანეთის გაუტანლობა!", - წერს ის.

გუშინ, გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა გურიის რეგიონი - უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ხანძარი იყო. ფორმულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულების შესახებ უწყებაში შეტყობინება არ შესულა. როგორც მოგვიანებით ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა განაცხადა, არქივის შენობის ეზოში ცეცხლი გაუჩნდა კინოფირების საცავს.


close დახურვა