logo
ENG



ფორმულა: კალაშნიკოვის თქმით, ფარცხალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენის პროცესში იყო ჩართული

15 სექ 202315:23
3 წუთის საკითხავი
clock 2485

რუსეთის დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე, ლეონიდ კალაშნიკოვი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ეხმაურება. ფორმულასთან საუბრისას კალაშნიკოვი ამბობს, რომ ფარცხალაძე აქტიურად იყო ჩართული რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნასა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესში. 

კალაშნიკოვის თქმით, ფარცხალაძე "არასდროს ყოფილა FSB-ს აგენტი და ის საქართველოს ინტერესებში მოქმედებს". 

"ფარცხალაძე არასდროს ყოფილა FSB-ს აგენტი, რამდენადაც ვიცი. რაც შეეხება რუსული გავლენის აგენტს, ამერიკამ დაიწყო აქტიურად მუშაობა, რომ სხვა ჩინოვნიკებს აცნობოს, რაც შეიძლება ნაკლებად იმეგობრონ რუსეთთან. ეს პრევენციული და დაშინების აქტია სხვების გასაგონად. ფარცხალაძეს ვიცნობ, ის აქტიურად მუშაობს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სხვა კავშირებზე რუსეთთან. მე ის პირადად დავპატიჟე ჩემს ღონისძიებაზე, როდესაც ვცდილობდით რუსეთთან პირდაპირი ფრენების გახსნას და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ის აქტიურად იყო ჩართული სხვა ქართველებთან ერთად ამ პროცესში.

რა იპოვეს ამერიკელებმა დამატებით, ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს. მას ორჯერ შევხვდი პირადად. ჩემთვის ფარცხალაძე მოქმედებს საქართველოს ინტერესებში, ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. რა აქვთ ამის გარდა ამერიკის სპეცსამსახურებს, არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ამ სანქცირებულთა სიაში 1800 კაცია შესული და მათ უმრავლესობას არანაირი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან არ აქვთ. ამიტომ, ამერიკამ ეს აქტი მიიღო სხვების დასაშინებლად", - თქვა კალაშნიკოვმა.

აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ რუსეთს უსაფრთხოების ფედერალური სამსახური იყენებდა ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის სასარგებლოდ. 

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იკავებდა. 

ფარცხალაძისთვის სანქციები დაწესებულია უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში. სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ფარცხალაძე "ქართველ-რუს ოლიგარქად" არის მოხსენიებული და წერია, რომ რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

სანქციების ქვეშ მოყვა ალექსანდრ ონიშენკო, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა. 


close დახურვა